2 აგვისტოდან ევროკავშირში ხელოვნური ინტელექტის გარკვეული სისტემებისთვის ახალი გამჭვირვალობის წესები ამოქმედდა, რის ფარგლებშიც AI სისტემების მიმწოდებელი კომპანიები და მათი გამომყენებელი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, მომხმარებლებს აცნობონ, როცა ისინი AI სისტემასთან ურთიერთობენ.
ამასთან, კომპანიებსა და ორგანიზაციებს უჩნდებათ ვალდებულება, რომ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ან შეცვლილი კონტენტი მანქანურად ამოცნობადი ნიშნით მონიშნონ და განსაზღვრულ შემთხვევებში მათ ხილული იარლიყიც თან დაურთონ.
EU-ს ახალი წესები ჩატბოტებზე, AI აგენტებზე, ავატარებსა და სხვა ინტერაქტიურ სისტემებზე ვრცელდება. აღნიშნული ზომების მიზანია, მომხმარებლისთვის მკაფიო იყოს, თუ როდის ესაუბრება ის ხელოვნურ ინტელექტს და როდის – ადამიანს.
ამას გარდა, AI-ით შექმნილ ან შეცვლილ გამოსახულებებს, აუდიოს, ვიდეოსა და ტექსტს მანქანურად ამოცნობადი ნიშანი უნდა დაერთოს, რათა შესაძლებელი იყოს მათი ხელოვნური წარმოშობის დადგენა.
ხილული იარლიყით მონიშვნა სავალდებულოა Deepfake-ებისთვისაც – ანუ AI-ით შექმნილი ან შეცვლილი გამოსახულებების, აუდიოსა და ვიდეოებისთვის, რომლებიც რეალურ ადამიანებს, ობიექტებს, ადგილებს, ორგანიზაციებს ან მოვლენებს ჰგავს და შესაძლოა, ნამდვილ მასალად აღიქმებოდეს.
იგივე მოთხოვნა ვრცელდება საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე გამოქვეყნებულ AI-ით შექმნილ ტექსტზეც, თუ მას ადამიანის შემოწმება ან სარედაქციო ზედამხედველობა არ აქვს გავლილი.
ევროკომისიის განცხადებით, ახალი ვალდებულებების მიზანია დეზინფორმაციის, მასშტაბური მანიპულაციების, თაღლითობის, სხვისად თავის გასაღებისა და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის რისკების შემცირება.
წესების დარღვევისთვის კომპანიებს შესაძლოა, 15 მილიონი ევროს ან მათი წლიური გლობალური ბრუნვის 3%-მდე ოდენობის ჯარიმა დაეკისროთ. ხოლო ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის, ორგანოებისა და სააგენტოებისთვის მაქსიმალური ჯარიმა €750 000 იქნება.
ხსენებული პოლიტიკის ფარგლებში ევროკომისიამ შესაბამისი სახელმძღვანელო და AI-ით შექმნილი კონტენტის გამჭვირვალობის ნებაყოფლობითი პრაქტიკის კოდექსიც გამოაქვეყნა, რომელსაც უკვე დაახლოებით 190 ორგანიზაცია და კომპანია შეუერთდა.
ცნობისთვის, ევროკავშირის AI აქტი ძალაში 2024 წლის 1 აგვისტოს შევიდა, თუმცა, მისი სხვადასხვა დებულება ეტაპობრივად ამოქმედდა.