გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს სისტემაში ახლად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის — გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს — თავმჯდომარის თანამდებობა ლევან ქარუმიძემ დაიკავა.

უწყების ცნობით, ქარუმიძეს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც მმართველობით, ისე საგარეო ურთიერთობების მიმართულებით. 2020–2024 წლებში იგი საქართველოს პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მოგვიანებით კი პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა და ასევე იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში, მთავრობის ადმინისტრაციაში საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობის მიმართულებით და ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდა განათლების სამინისტროს სისტემაშიც.

სამინისტროს შეფასებით, მისი პროფესიული გამოცდილება ხელს შეუწყობს სააგენტოს საქმიანობის გაძლიერებას, ქართული გასტრონომიის საერთაშორისო პოპულარიზაციას, გასტრონომიული მემკვიდრეობის განვითარებასა და უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაფართოებას, რაც ქვეყნის, როგორც გამორჩეული გასტრონომიული კულტურის მქონე სახელმწიფოს, პოზიციონირებასაც შეუწყობს ხელს.

გასტრონომიის ეროვნული სააგენტო საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 ივლისის დადგენილებით შეიქმნა. სააგენტოს საქმიანობა მიმართული იქნება ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვაზე, განვითარებასა და პოპულარიზაციაზე, ასევე ამ სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაზე.