საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ კომპანია AK-Air Georgia-სთან შიდა ავიარეისების მომსახურების ხელშეკრულება 2026 წლის 31 დეკემბრამდე გაახანგრძლივა. განახლებული შეთანხმებით, სახელმწიფოსთვის რეისების ღირებულება საავიაციო საწვავის გაძვირების გამო 6.5%-ით იზრდება.

კომპანიაში განმარტავენ, რომ მიუხედავად ტარიფის ზრდისა, მგზავრებისთვის ბილეთების ფასები და შიდა მიმართულებები უცვლელი დარჩება. ახალი პირობებით, გაზრდილი ტარიფი მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ ნატახტარის აეროდრომზე საავიაციო საწვავის 1 ლიტრის ფასი 2.40 ლარს გადააჭარბებს, ხოლო ფასის შემცირების შემთხვევაში სახელმწიფოსთვის მოქმედი ტარიფიც ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.