იტალიის პრემიერ-მინისტრი, „ალბანეთის მოდელის“ მსგავსად, მიგრანტთა რეპატრიაციის ცენტრების სხვა ქვეყნებშიც გახსნის ინიციატივით გამოდის. როგორც იტალიური მედია იუწყება, პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უკანონო მიგრაციის სამართავად აპირებს, 4 აგვისტოს დაგეგმილ ევროკავშირის საბჭოზე წარადგინოს წინადადება, რომ, ევროკავშირის დაფინანსებით, გაერთიანების ფარგლებს გარეთ შეიქმნას არალეგალი მიგრანტების განთავსების ცენტრები, მათ შორის, სომხეთში, მონტენეგროსა და აფრიკის ქვეყნებში.
ამ ინიციატივას წინ უძღოდა ჯორჯია მელონისა და დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიკსენს შორის გამართული სატელეფონო საუბარი.
იტალიური მედია წერს, რომ მელონი ცდილობს, აჩვენოს, რომ მის საიმიგრაციო პოლიტიკას ევროპის მხარდაჭერა აქვს.
მელონი ასევე გეგმავს, რომ ევროკავშირის საბჭოს სთხოვოს წელს დამტკიცებული „GSP+“ პროგრამის უფრო მკაცრი აღსრულება. ეს პროგრამა სატარიფო შეღავათებს ითვალისწინებს განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომლებიც ეფექტურად თანამშრომლობენ ევროკავშირის ქვეყანაში არალეგალურად მყოფი საკუთარი მოქალაქეების უკან დაბრუნებაში.