ქარელის საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებულ საქონლის ხორცში ცხენის ხორცის დნმ-ის კვალი აღმოჩნდა, ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

ქარელის საბავშვო ბაღებისთვის მიწოდებულ საქონლის ხორცში ცხენის ხორცის დნმ-ის კვალი აღმოჩნდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნაშია აღნიშნული, რომელიც ქარელის საბავშვო ბაღების გაერთიანებას გაეგზავნა.

როგორც გამოცემა „ქართლის ამბები“ წერს, ქარელის მერიამ 2026 წლის ივნისში საბავშვო ბაღებისთვის ხორცის ახალი მიმწოდებლის შესარჩევად ტენდერი ვადამდე გამოაცხადა. ოფიციალური განმარტებით, ამის მიზეზი მიწოდებული პროდუქციის ჰიგიენურ ნორმებთან შეუსაბამობა იყო, თუმცა გამოცემის ინფორმაციით, რეალურად საუბარი საქონლის ხორცში ცხენის ხორცის აღმოჩენას შეეხებოდა.

ქარელის საბავშვო ბაღებს საქონლის ხორცს კომპანია „შპს ქართული ხორც-პროდუქტების ფერმერი“ აწვდიდა.

კომპანიის დირექტორმა ბესიკ კახიძემ „ქართლის ამბებთან“ განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობას კომპანიის თანამესაკუთრეს აკისრებს. მისი თქმით, თანამესაკუთრე ხორცს სხვადასხვა სოფელში იაფად ყიდულობდა და კომპანიას აწვდიდა, ამჟამად კი მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას ქარელის საბავშვო ბაღებისთვის ხორცი 2026 წლის ბოლომდე უნდა მიეწოდებინა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 173 000 ლარს შეადგენდა.

ამავე მონაცემებით, ივნისის მდგომარეობით, კომპანიას საბავშვო ბაღებისთვის უკვე 76 673 ლარის ღირებულების ხორცი ჰქონდა მიწოდებული.