აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები ორშაბათს განახლდება, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„მათ იცოდნენ, რამდენად ფართომასშტაბიანი იქნებოდა ეს თავდასხმა, რადგან ხედავდნენ, როგორ მზადდებოდა იგი. ახლა ჩვენ მათ მოლაპარაკებების ფორმატში ვესაუბრებით. ეს ხვალ, დღის მეორე ნახევარში დაიწყება და ვნახოთ, რა შედეგს მოგვიტანს“, - განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, დაგეგმილი თავდასხმის გაუქმებისკენ მას საუდის არაბეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, კატარმა და თავად ირანმაც მოუწოდეს.
„ყველაფერი მზად გვქონდა, მაგრამ როდესაც მოკავშირეებმა გვთხოვეს, თავდასხმა გაგვეუქმებინა, ვიფიქრეთ: „კარგი, ვნახოთ.“ მათი თხოვნის მიზეზი ის არის, რომ ფიქრობენ, რომ შეთანხმება არსებობს. არსებობს შეთანხმება ჰორმუზთან დაკავშირებით, შემდეგ კი იქნება შეთანხმება ბირთვულ საკითხზეც, ან შეგიძლიათ მას ირანის დენუკლეარიზაცია უწოდოთ. მე ამას ირანის დენუკლეარიზაციას ვუწოდებ,“ - განაცხადა ტრამპმა.