ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერის დაღრმავების სამუშაოები იწყება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მომავალი პორტის საზღვაო აკვატორიაში პირველი დამღრმავებელი გემი Tristao Da Cunha უკვე შევიდა. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, გემი ტალღმტეხის არხის მოწყობის სამუშაოებს დაიწყებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ანაკლიის აკვატორიაში ზღვის ფსკერი 17.5 მეტრამდე დაღრმავდება, ხოლო შემდეგ ეტაპზე 1 380 მეტრის სიგრძის ტალღმტეხი აშენდება. უწყების განცხადებით, სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, საზღვაო სამშენებლო სამუშაოებს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.

ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით ავითარებს, რაც სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს, პორტის განვითარებაში ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსა და კომპანიასთან ითანამშრომლოს.

უწყების ინფორმაციით, საპორტო ინფრასტრუქტურის პარალელურად, მთავრობა ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობასაც უზრუნველყოფს.