ტელეგრამ-არხებზე გავრცელებული ცნობების მიხედვით, 3 აგვისტოს დილის საათებში უკრაინის არმიამ რუსული ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრს დაარტყა.
უკრაინული Exilenova_plus-ის მიერ გავრცელებული ფოტოებიდან და ვიდეოებიდან ჩანს, რომ რუსეთის ვლადიმირის ოლქში დრონებით დარტყმის შედეგად ობიექტზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რაც მოგვიანებით Wildberries-ის პრესსამსახურმაც დაადასტურა.
ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინამ რუსულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები გააძლიერა, რის ფარგლებშიც დრონების სამიზნე Wildberries-ის საწყობები და ლოგისტიკური ცენტრები გახდა. წინა იერიში 2 აგვისტოს სამარის ოლქში მდებარე Wildberries-ის საწყობზე მოხდა.
რუსეთში უმსხვილესი ონლაინ-სავაჭრო კომპანიის, Wilberries-ის ვებგვერდზე სხვადასხვა სახის სამხედრო აღჭურვილობაც იყიდება, მათ შორის, დრონების კომპონენტები და ჯავშანჟილეტები.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის გამო Wildberries და მისი დამფუძნებელი ტატიანა კიმი საერთაშორისო სანქციებისა და სავაჭრო შეზღუდვების სიაში მოხვდნენ. 2022 წელს რუსული კომპანიის წინააღმდეგ სანქციების შემოღების დროს პოლონეთმა განაცხადა, რომ Wildberries "რუსეთის ფედერაციაში უმსხვილესი გადასახადების გადამხდელი იყო".