მზის სისტემის მიღმა პლანეტების დაფიქსირება ძირითადად დამოკიდებულია შორეული ვარსკვლავების სინათლეში უმცირესი ცვლილებების გაზომვაზე.

თივის ზვინში რომ ნემსის ძებნა იყოს, ასტრონომებს რაღა უჭირდათ. თუმცა, ეს უფრო იმას ჰგავს წყალბადის ბომბის ბირთვული სიკაშკაშის ფონზე მოფარფატე ციცინათელას ნათება გაარჩიო.

ამ ყველაფრის ფონზე შთამბეჭდავია, რომ ასტრონომებმა სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით უკვე აღმოაჩინეს 6300-ზე მეტი ეგზოპლანეტა.

ისინი ძლიერ მრავალფეროვანია, მათ შორის ზოგიერთი მაცდუნებლად საინტერესო სიგნალებს გამოყოფს, ზოგი დედამიწის მსგავსი, ზოგიც ჯოჯოხეთურად ცხელი.

დამაინტრიგებელ პლანეტათა ძებნაში ასტრონომებმა ახლახან სავარაუდოდ მიაღწიეს კიდევ ერთ საეტაპო ნიშნულს — ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ვარსკვლავთან, სასიცოცხლო ზონაში აღმოაჩინეს გიგანტური პლანეტა, რომელსაც HD 156295 b უწოდეს.

დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება ჩვენთვის ცნობილი პირველი ეგზოპლანატა მასიური, A-ტიპის ვარსკვლავ HD 156295-ის სასიცოცხლო ზონაში.

A-ტიპის ვარსკვლავები მოცისფრო-მოთეთროდ კაშკაშებენ და ზომით და მასით მზეზე დაახლოებით ორჯერ დიდები არიან, ტემპერატურა კი მზეზე რამდენიმე ათასი გრადუსით მაღალი აქვთ.

ეს ვარსკვლავი ღამის ცაში შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და მზეზე დაახლოებით ცხრაჯერ კაშკაშაა, მისი ტემპერატურა 7500 გრადუსი ცელსიუსია და მდებარეობს ჩვენგან დაახლოებით 140 სინათლის წლის მანძილზე.

მაგრამ მოიცადეთ! ამავე დროს, ეს ვარსკვლავი არის ფარის დელტას ტიპის ცვალებადი ვარსკვლავი, ანუ მისი სიკაშკაშე იმდენად რეგულარულად პულსირებს, რომ ზედმეტსახელად „კოსმოსურ საათს“ უწოდებენ.

როგორც The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებულ ახალ პუბლიკაციაშია აღწერილი, ასტრონომებმა NASA-ს ტელესკოპ TESS-ის მიერ 16 500 ფარის დელტას ტიპის ცვალებადი ვარსკვლავის შესახებ შეგროვებული მონაცემები გაცხრილეს; ეს კოსმოსური ტელესკოპი ვარსკვლავთა გარშემო მოძრავ ეგზოპლანეტებს ეძებს.

საერთო ჯამში, მათგან ასტრონომებმა შეარჩიეს მხოლოდ ცხრა ვარსკვლავური სისტემა, რომელთაგან ერთიც მასპინძლობდა ზემოთ ხსენებულ ეგზოპლანეტის კანდიდატ HD 156295 b-ს, დანარჩენი რვა კი ყავისფერი ჯუჯობის კანდიდატებს.

პოტენციური პლანეტა იუპიტერზე დაახლოებით ექვსჯერ მასიური უნდა იყოს და დედავარსკვლავიდან თითქმის 4 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე (ასტრონომიული ერთეული არის მანძილი მზესა და დედამიწას შორის) მდებარეობს და გარს უვლის 2200 დღეში ერთხელ — წარმოიდგინეთ, იქ რომ ცხოვრობდეთ, დაბადების დღე ჩვენი გადმოსახედიდან ექვს წელიწადში ერთხელ გექნებოდათ.

სისტემის მახასიათებლებიდან გამომდინარე, HD 156295 b თავის დედავარსკვლავიდან იმ რადიაციის დაახლოებით 60 პროცენტს უნდა იღებდეს, რასაც დედამიწა იღებს მზისგან.

აღსანიშნავია, რომ მკვლევრებმა გამოიყენეს ვარსკვლავის კვლევის მეთოდი, სახელად პულსაციის დროის განსაზღვრა, რომლითაც პოულობენ ისეთ სისტემებს, რომელთა აღმოჩენაც შეუძლებელი იქნებოდა დაკვირვების სხვა ნებისმიერი მეთოდით.

ეს მეთოდი მიუყვება ციცქნა ცვლილებებს იმ დროში, რაც ვარსკვლავის სინათლეს ჩვენამდე მოსაღწევად ესაჭიროება. ვინაიდან HD 156295 თანაბარ რიტმში პულსირებს, მკვლევრებს შეეძლოთ გამოეყოთ ნებისმიერი უმნიშვნელო ცვლილება, რომელიც შესაძლოა სისტემაში არსებული სხვა სხეულის — მაგალითად, პლანეტის — გრავიტაციული ზემოქმედებით იყოს გამოწვეული.

დანარჩენი რვა კანდიდატი ფარის დელტას ტიპის ცვალებადი ვარსკვლავის გარშემო შეიძლება ყავისფერი ჯუჯები იყოს — უცნაური სხეულები, რომლებიც პლანეტებზე უფრო მასიურია, მაგრამ არც იმდენად, რომ მათში წყალბადის სინთეზი დაიწყოს, როგორც ეს ვარსკვლავებშია. როგორც წესი, ყავისფერი ჯუჯების ზომა 25 -59 იუპიტერის ზომას შორის მერყეობს.

მკვლევართა შეფასებით, 50 პროცენტია შანსი იმისა, რომ HD 156295 b მართლაც პლანეტა იყოს. როგორც წესი, A-ტიპის ვარსკვლავთა გარშემო საკმაოდ ცოტა ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი.

შეიძლება ამ შედეგებს სკეპტიკურად შეხედოთ, მაგრამ მეცნიერებაში ცრუ დადებითი შედეგებიც შეიძლება ძლიერ ღირებული იყოს სამომავლო კვლევების წარმართვისთვის.

უფრო კონკრეტულად კი, საქმე ეხება მასიური ვარსკვლავების გარშემო შუალედურ ორბიტაზე მოძრავი გიგანტური პლანეტების არსებობის შეზღუდვას.

„აქ წარმოდგენილი პულსაციის დროის ცვლილებები იმ ზღვარზეა, რაც TESS-ის მონაცემების საფუძველზე შესაძლოა აღმოჩენადი იყოს“, — წერენ მკვლევრები.

უფრო მეტი მონაცემი ჯერ წინაა. ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ობსერვატორია PLATO მალე უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ სიზუსტეს 200 000-ზე მეტი ვარსკვლავის დაკვირვების მისიაში.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ზომის გაზის გიგანტზე სიცოცხლე არსებობდეს, მაგრამ ვინ იცის, რა უცნაური მაგია შეიძლება ხდებოდეს ასევე უცნაური ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში.

არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს სისტემა ჯერ სულ რაღაც 700 მილიონი წლისაა და შეიძლება ითქვას, რომ იქ ყველაფერი ჯერ ახლა იწყება.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი