უკრაინაში საჰაერო განგაშის დროს ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება ქვეყანას ყოველ საათში დაახლოებით 45 მილიონი დოლარი უჯდება. ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა ოლექსანდრ კრავჩენკომ The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
მინისტრის თქმით, ინტენსიური რუსული დაბომბვების ფონზე უკრაინის ხელისუფლება ეკონომიკის უწყვეტი ფუნქციონირების შენარჩუნებისა და საჰაერო თავდასხმებით გამოწვეული ზარალის შემცირების გზებს ეძებს. მისი განცხადებით, საჰაერო განგაშის სირენები ზოგიერთ დღეს ჯამურად 10 საათამდე გრძელდება, რაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვან დანაკარგს ქმნის.
„როცა ხალხი ბუნკერშია, ბიზნესი ჩერდება“, - აღნიშნა კრავჩენკომ.
უკრაინის ხელისუფლების შეფასებით, რუსეთის თავდასხმები სულ უფრო მეტად არის მიმართული ქვეყნის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. საუბარია ქარხნებზე, საწყობებზე, ლოგისტიკურ ჰაბებსა და მონაცემთა ცენტრებზე, რომლებსაც რუსული ძალები, მათ შორის ახალი ტიპის რეაქტიული დრონებით, ესხმიან თავს.
ეკონომიკური საქმიანობის სრულად შეჩერების თავიდან ასაცილებლად, უკრაინამ საჰაერო განგაშის ორდონიანი სისტემა დანერგა. „წითელი“ განგაში სარაკეტო საფრთხეს ნიშნავს და ამ დროს მოქალაქეები ვალდებული არიან თავშესაფრებს შეაფარონ თავი. „ყვითელი“ განგაშის შემთხვევაში კი საფრთხე ძირითადად დრონებს უკავშირდება და ბიზნესების ნაწილს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა აქვს. ამ ეტაპზე „ყვითელი“ განგაშის დროს უკრაინაში ბიზნესების ნახევარზე მეტი საქმიანობას აგრძელებს.
ამასთან, ყვითელი განგაში უსაფრთხოების გარანტიას არ წარმოადგენს. მიმდინარე კვირის ორშაბათს, სწორედ ასეთი განგაშის დროს, რუსული რეაქტიული დრონი კიევის ცენტრში, უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობას დაეცა. თავდასხმას ორი აკადემიკოსის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უკრაინის ეკონომიკაზე ზეწოლას ასევე ზრდის ინფრასტრუქტურის განადგურება. მხოლოდ მიმდინარე წელს ქვეყნის ფიზიკურმა აქტივებმა, წინასწარი შეფასებით, დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა. დამატებით პრობლემას ქმნის შავი ზღვის პორტებზე საჰაერო თავდასხმები, რომლებიც უკრაინის საექსპორტო ნაკადებისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა.
ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი წლის ბოლომდე თავდაპირველად 27 მილიარდ დოლარამდე იყო პროგნოზირებული. მთავრობის მიერ ხარჯების შემცირებისა და შიდა რესურსების მოძიების შედეგად, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.
ამასთან, უკრაინა ევროკავშირის, იაპონიის, კანადისა და დიდი ბრიტანეთისგან დამატებითი ფინანსური დახმარების მიღებასა და მომავალი წლისთვის გათვალისწინებული სესხების ნაწილის წინასწარ გადმოტანას ითხოვს.
უკრაინის ხელისუფლება პარალელურად ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე რთული ზამთრისთვის ემზადება. ინფრასტრუქტურის დასაცავად განიხილება ინიციატივაც, რომელიც კერძო კომპანიებს უკრაინული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის შესაძლებლობას მისცემს.