ერაყის სამთავრობო კაბინეტმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მდებარე, მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობსაბადოს, დასავლეთ ქურნა 2-ის ნაციონალიზაციას. საუბარია საბადოზე, რომელში მნიშვნელოვან წილსაც ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ გასული წლის ოქტომბერში სანქცირებული რუსული ნავთობ-გიგანტი, Lukoil-ი ფლობდა.

არსებული ინფორმაციით, ნავთობსაბადო სახელმწიფოს მიერ მართულ ენერგოკომპანია Basra Oil Company-ს ხელში 12 თვით გადავა და სწორედ ის აანაზღაურებს როგორც საოპერაციო ხარჯებს, ისე დასაქმებულთა ხელფასებს და კონტრაქტორი კომპანიებისთვის გადასაცემ თანხებს.

აღსანიშნავია, რომ ნაციონალიზაცია ამჯერად საბადოს უცხოური კომპანიებისთვის დახურვას არ გულისხმობს. როგორც მთავრობაში განმარტავენ, ისინი ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას დაელოდებიან. სწორედ აღნიშნულმა უწყებამ უნდა განსაზღვროს, თუ ვის დარჩება Lukoil-ის საერთაშორისო აქტივები, მათ შორის 75%-იანი წილი ერაყულ ნავთობსაბადოში. საბოლოო ვერდიქტი ცნობილი 17 იანვრამდე უნდა გახდეს.

ამჟამინდელი მონაცემებით, დასავლეთ ქურნა 2-ის ობიექტი ნავთობის ამოღებას აგრძელებს და Basra Oil-ი ყოველდღიურად 465,000-480,000 ბარელს მოიპოვებს. ცნობისთვის, სრულფასოვანი დატვირთვის პირობებში ერაყული ნავთობსაბადო მსოფლიო მიწოდების 0.5%-ს აკმაყოფილებდა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ერაყი ნავთობის დადასტურებული მარაგების რაოდენობით მსოფლიოში მე-4 ადგილზეა და ის 145 მილიარდ ბარელს ფლობს.

bm.ge