ჟანგბადის დონე მსოფლიოს მდინარეების თითქმის 80 პროცენტში შემცირდა და მათში ამ ძვირფასი რესურსის დაკარგვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე რაღაც სერიოზულ ცვლილებებს არ განვახორციელებთ.

1985-დან 2023 წლამდე შეგროვებული თანამგზავრული და კლიმატური მონაცემები ცხადყოფს, რომ მსოფლიოს მასშტაბით 16 000-ზე მეტმა მდინარემ დაკარგა მათში გახსნილი ჟანგბადი.

საშუალოდ, ეს მდინარეები ყოველ ათწლეულში 0,045 მილიგრამ ჟანგბადს კარგავენ ყოველ ლიტრ წყალზე.

წყალქვეშ სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აუცილებელი საკმარისი გახსნილი ჟანგბადის გარეშე, მდინარეები და მათ წყალსა და რესურსებზე დამოკიდებული საზოგადოებები სერიოზული საფრთხის ქვეშაა.

ასეთ დასკვნებამდე მივიდა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც გარემოს დაცვის მეცნიერი ქი გუანი ხელმძღვანელობდა.

ჯგუფმა ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში გადაღებული 3,4 მილიონი თანამგზავრული ფოტოდან შეაგროვა მონაცემები, რათა დაედგინა მსოფლიოს მასშტაბით მდინარეებში გახსნილი ჟანგბადის შემცველობის მახასიათებლები და გაეკეთებინა პროგნოზი სხვადასხვა კლიმატური სცენარის შემთხვევაში მათი მომავლის შესახებ.

თუ ნახშირორჟანგის გამოყოფა ამჟამინდელი ტემპით გაგრძელდა, მოსალოდნელია, რომ საუკუნის მიწურულს მათში გახსნილი ჟანგბადის დაახლოებით 10 პროცენტს დაკარგავს მდინარეების უმეტესობა სამხრეთ ამერიკაში, ინდოეთში, არქტიკაში და აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში.

აქამდე ყველაზე მკვეთრი ცვლილებები ტროპიკულ მდინარეებში მოხდა, როგორიცაა განგი ინდოეთში და ამაზონი სამხრეთ ამერიკაში. აღსანიშნავია, რომ მდინარე განგი ჟანგბადს გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე 20-ჯერ სწრაფად კარგავს.

მეცნიერები ამას არ ელოდნენ.

აქამდე მათ მიაჩნდათ, რომ ჟანგბადისგან ყველაზე სასტიკი დაცლა მაღალი განედის მდინარეებს უნდა განეცადათ, რადგან ისინი კლიმატის ცვლილების ცხელი წერტილებია.

მაგრამ ტროპიკულ მდინარეებს თავიდანვე ჰქონდათ ნაკლი — ვინაიდან მათი წყლები უკვე თბილი იყო, მათში ისედაც უკვე დაბალი იყო გახსნილი ჟანგბადის დონე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი უკვე ახლოს არიან ჰიპოქსიის მიღწევასთან (სიცოცხლის უმეტესი ნაწილის შენარჩუნებისთვის არასაკმარისი ჟანგბადი).

გუანმა და მისმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ჟანგბადისგან დაცლაში (დეოქსიგენაცია) წვლილი მრავალ ფაქტორს შეაქვს, მაგრამ იმდენი არცერთს, რამდენიც კლიმატის ცვლილებას.

ამჟამინდელი კლიმატის ცვლილება ადამიანის საქმიანობის შედეგადაა გამოწვეული და ამცირებს ჟანგბადის ხსნადობას (წყლის უნარი, შეინარჩუნოს მასში გახსნილი ჟანგბადი). ახალი კვლევის თანახმად, ჟანგბადის ხსნადობითაა გამოწვეული გლობალურად მდინარეების ჟანგბადისგან დაცლის შემთხვევათა 63 პროცენტი.

ყველაზე დიდი ალბათობით, ჟანგბადის ხსნადობის ამ ცვლილებას წყლის ტემპერატურა იწვევს. თბილი წყალი ნაკლებ გახსნილ ჟანგბადს იკავებს, რადგან ჟანგბადისა და წყლის მოლეკულები უფრო მეტ ენერგიას იღებენ სითბოს სახით.

გახსნილი ჟანგბადი ძალიან განსხვავდება ჟანგბადის იმ ატომებისგან, რომლებიც წყალბადთან ერთად წყლის წარმოსაქმნელად წყვილდებიან. გახსნილი ჟანგბადი ისაა, რაც წყალში არსებულ ორგანიზმებს „სუნთქვისთვის“ სჭირდებათ — ცხოველებს, მცენარეებს, პლანქტონს, ბაქტერიებსა და ნებისმიერ ორგანიზმს, რომელიც წყალში ბინადრობს.

თუმცა, ბმები, რომლებიც ჟანგბადის აირს წყალში გახსნილს ინარჩუნებს, შედარებით სუსტია. საკმარისია ტემპერატურის სულ რაღაც ოდნავი ცვლილება და ისინი იშლებიან, შედეგად კი გარბის ჟანგბადი.

გახსნილი ჟანგბადის საჭიროების მიხედვით, წყლის სახეობები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. მიუხედავად ამისა, მდინარის ყოველ ერთ ლიტრ წყალზე 0,1 მილიგრამის ცვლილებაც კი — რაც დაახლოებით იმდენია, რამდენიც დაიკარგა — საკმარისია, რომ მდინარის ეკოსისტემაში სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს.

წყლის ორგანიზმებს შეუძლიათ ფოტოსინთეზის გზით გაზარდონ გახსნილი ჟანგბადის დონე; სწორედ ამიტომ უნარჩუნებენ წყალქვეშა მცენარეები წყალს სიჯანსაღეს. ფიზიკური ძალებით, წყალში შეიძლება გაიხსნას ატმოსფეროში არსებული ჟანგბადიც — მაგალითად, წყლის ჩქეფებით ან აერატორებით, რომლებსაც ძირითადად ხელოვნურ საგუბრებში იყენებენ.

ამიტომაა, რომ ამ კვლევაში შეტანილ ბევრ მდინარეში გახსნილი ჟანგბადის დონის შემცირებას ხელი შეუწყო კაშხლებმა არაღრმა წყლებში და სითბურმა ტალღებმა. წყლის დინების შემცირება ნიშნავს იმას, რომ ჰაერიდან წყალში ნაკლები ჟანგბადი გადადის; სითბური ტალღები მდინარეებიდან ჟანგბადის ამოღებას ახდენს.

მდინარეში გახსნილი ჟანგბადის დონეზე ასევე დიდი გავლენა აქვს წყლის შემადგენლობას. ადამიანის საქმიანობა წყლის შემადგენლობას ცვლის, რადგან ამცირებს მდინარეებში წყლის რაოდენობას, იზრდება მათ წყლებში გახსნილი სხვადასხვა ნივთიერების რაოდენობა, როგორიცაა მარილი, საკვები ნივთიერებები და ორგანული მასალა (რაც კიდევ უფრო ამცირებს ჟანგბადის ხსნადობას).

ვინაიდან წყლის ორგანიზმთა სიცოცხლე გახსნილ ჟანგბადზეა დამოკიდებული, დონის მცირე ვარდნასაც კი შეუძლია სწრაფად გამოიწვიოს მასობრივი დახოცვის მოვლენები.

მას შემდეგ, რაც ეს მოხდება, დახოცილი თევზებითა და წყალმცენარეებით სავსე მდინარე მასში დარჩენილ გახსნილ ჟანგბადს იყენებს — ბაქტერიებმა ეს ორგანული მასალა (დახოცილი ორგანიზმები) უნდა დაშალონ.

ვინაიდან მდინარეების ჟანგბადისგან გამოფიტვის მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში იზრდება, ასეთი მკვდარი ზონები შეიძლება სულ უფრო მოხშირდეს.

„დეოქსიგენაცია ძალიან ნელი პროცესია. თუ ხანგრძლივი პერიოდი გვექნება, ნეგატიური ზემოქმედება მდინარის ეკოსისტემებს დააზარალებს. ჟანგბადის დაბალ დონეს შეუძლია გამოიწვიოს ისეთ ეკოლოგიურ კრიზისთა სერიები, როგორიცაა ბიომრავალფეროვნების შემცირება და წყლის ხარისხის დეგრადირება“, — ამბობს გუანი.

ეს სცენარები გაცილებით უფრო უარესდება, თუ მდინარეები მათში გახსნილი ჟანგბადის დამატებით 4-5 პროცენტს დაკარგავენ — ეს მომდევნო შვიდ ათწლეულში მოხდება, თუკი კაცობრიობა სასწრაფო ნაბიჯებს არ გადადგამს წიაღისეული საწვავის წვის შესამცირებლად.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი