საქართველოში პირველად, მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში საერთაშორისო დისტანციური რობოტული ოპერაცია ჩატარდა. ქირურგიული ჩარევა ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან თბილისში განხორციელდა.

მსგავსი ტექნოლოგიით ოპერაციის ჩატარების პრეცედენტი არა მხოლოდ რეგიონში  (თურქეთი, რუსეთი და სხვ), არამედ ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც არ არსებობს.

როგორც მარდალეიშვილის ცენტრში აცხადებენ, ოპერაცია ჩაატარა ქირურგმა ემზარ ნადირაძემ. შესრულდა სწორი ნაწლავის კიბოს ურთულესი ოპერაცია — სწორი ნაწლავის ულტრა დაბალი წინა რეზექცია.


ოპერაცია 9 საათზე მეტხანს გაგრძელდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩარევის განსაკუთრებულ სირთულეს, ქირურგიული პროცესის მაღალ სიზუსტესა და საოპერაციო გუნდის გამორჩეულ პროფესიონალიზმს.

„ეს მხოლოდ ერთი წარმატებული ოპერაცია არ არის. ეს არის სიგნალი, რომ ქართული მედიცინა უკვე იმ ეტაპზეა, სადაც გეოგრაფიული საზღვრები მნიშვნელობას კარგავს. რატომ არის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი:
პაციენტმა საქართველოში მიიღო მაღალტექნოლოგიური, მსოფლიო დონის ქირურგიული დახმარება;  დადასტურდა, რომ თანამედროვე რობოტულ ქირურგიაში დისტანცია ბარიერი აღარ არის, ეს ქმნის საფუძველს, რომ მომავალში ქართველმა პაციენტებმა ისარგებლონ მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების გამოცდილებით, ქვეყნის დატოვების გარეშე. მსგავსი ტექნოლოგიები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიაში, სადაც სიზუსტე, დრო და ქირურგის გამოცდილება ხშირად შედეგის განმსაზღვრელია. ეს არის დიდი ნაბიჯი როგორც ქართული მედიცინის, ისე მთლიანად რეგიონის ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით. მსგავსი დღეები აჩვენებს, რომ მომავალი უკვე დაიწყო — და საქართველო ამ მომავალში მხოლოდ დამკვირვებელი არ არის.“ - აცხადებენ კლინიკაში. 

jandacva.ge