საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მიხეილ მესხის სახელობის სატადიონზე პრესკონფერენცია გამართა და ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებაზე ისაუბრა.

„ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდებში სტაბილური სეზონი ჩაატარა და გადავწყვიტეთ, მოგვეწვია, თუმცა წლის დასაწყისშიც ვიცოდით, რომ ნაკრების ფეხბურთელი იქნებოდა. ეგოიანს ​თამაშზე გავლენის მოხდენა შეუძლია, მჯერა, მალე გუნდის წარმატებაში თავის წვლილს შეიტანს.

ამ ეტაპზე იოლი არ არის ამხანაგური თამაშებისთვის მეტოქეების მოძებნა, განსაკუთრებით მსოფლიო ჩემპიონატის წინ. რუმინეთი ძლიერი გუნდია და რთულ თამაშს ველოდებით. ბაჰრეინთან, შეიძლება, სხვა ფეხბურთელებიც გამოვცადოთ.

რთული პერიოდია მოთამაშეებისთვის. კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის ფინალი ელის, ხოლო დავითაშვილს – საფრანგეთის ლიგა 1-ის პლეიოფის გადამწყვეტი მატჩები. ჩაკვეტაძემ და გოგლიჩიძემ სეზონი ადრიანად დაასრულეს. ყველას ვესაუბრეთ და გავიგეთ, ვინ როგორ მდგომარეობაშია. რა თქმა უნდა, ფინალის შემდეგ ხვიჩასთვის რუმინეთთან თამაში რთული იქნება, მაგრამ მითხრა, რომ გუნდთან ერთად ყოფნა სურს და ბაჰრეინთან მეორე მატჩისთვის მზად იქნება.

შეუძლებელია ყველა საინტერესო ფეხბურთელის გამოძახება, მთავარია, ყველა ფორმაში იყოს. მაგალითად, გიზო მამაგეიშვილმა ნაკრებში სადებიუტო შეხვედრები კარგად ჩაატარა და კვლავ მოვიწვიეთ, შემოდგომაზე კაკაბაძეც დაგვიბრუნდება“.

საქართველოს ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 2 ივნისს რუმინეთთან, ხოლო 5 ივნისს ბაჰრეინის ნაკრებთან – ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

წყარო: პირველი არხი