ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფარმაცევტული კომპანიის Mankind Pharma-ს განცხადებით, შესაძლოა, პრეზერვატივების ფასები გაზარდოს, თუ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი კიდევ უფრო გახანგრძლივდება და ნავთობის ფასები მაღალი დარჩება. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა Reuters-ს განუცხადა.

კომპანია პრეზერვატივების წარმოებით ქვეყნის მასშტაბით ბაზრის 30%-ს ფლობს, აზიაში კი ერთ-ერთი დიდი მოთამაშეა. Manforce-ს ბრენდით წარმოებული მისი პროდუქცია მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს შორის სწრაფად მზარდად ითვლება.

ცნობისთვის, ერთი თვის წინ, მსოფლიოში პრეზერვატივების უმსხვილესმა მწარმოებელმა, მალაიზიურმა კომპანია Karex Bhd.-მაც განაცხადა, რომ გეგმავს ფასების 20-30%-ით და შესაძლოა კიდევ უფრო მეტადაც გაზრდას, თუ ირანთან ომის გამო მიწოდების შეფერხებები გაგრძელდება.