ფრანგმა მეცნიერებმა დაადგინეს იმ ასტეროიდის წარმოშობა, რომელმაც 66 მილიონი წლის წინ თითქმის ყველა დინოზავრი გაანადგურა და იმ დროს დედამიწაზე არსებული სახეობების დაახლოებით 75%-ის გადაშენება გამოიწვია.
ის ეკუთვნოდა ეგრეთ წოდებულ CO-ხონდრიტებს – ქვიანი მეტეორიტის უკიდურესად იშვიათ ტიპს, რომელიც ინარჩუნებს უძველეს მასალას მზის სისტემის ფორმირების დროიდან, დაახლოებით 4.6 მილიარდი წლის წინ.
ამ დასკვნამდე მივიდნენ კვლევის ავტორები, რომელიც პარიზის გეოფიზიკის ინსტიტუტის (IPGP) ხელმძღვანელობით ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნდა. მათ გააანალიზეს თიხის თხელი ფენა, რომელიც ასტეროიდის შეჯახების შემდეგ მთელ მსოფლიოში დაილექა. ზუსტად საიდან მოვიდა მეტეორიტი, ჯერჯერობით გაურკვეველია — სავარაუდოდ, გარე მზის სისტემის შორეული რეგიონიდან ან მარსსა და იუპიტერს შორის მდებარე ასტეროიდული სარტყლიდან.
ამ კლასის ნახშირბადოვანი ქვის მეტეორიტები საერთოდ არ ჰგავს ტიპურ მეტეორიტებს, რომელთა ნახვა მუზეუმის კოლექციებშია შესაძლებელი. როგორც კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ფილიპ კლაისმა განაცხადა, ის ფაქტი, რომ ასეთი იშვიათი სხეული, რომელიც ასეთი დიდი მანძილიდან მოდის, დედამიწაზე დაეცა, აჩვენებს, თუ რამდენად არ გაუმართლათ დინოზავრებს. როდესაც მეტეორიტი დედამიწას შეეჯახა, ატმოსფეროში უზარმაზარი რაოდენობით მტვერი და ქვის ნაწილაკები გაიფანტა. ამის გამო, დედამიწა მრავალი წლის განმავლობაში სიცივესა და სიბნელეში ჩაეფლო.