NASA-ს მისია OSIRIS-REx-ის მიერ ასტეროიდ ბენუზე აღებულ და დედამიწაზე ჩამოტანილ ნიმუშებში სავარაუდოდ აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ნეიროგადამცემ (ნეიროტრანსმიტერი) სეროტონინის წარმოქმნაში.
OSIRIS-REx-მა ასტეროიდ ბენუზე აღებული ნიმუშები დედამიწაზე 2023 წლის სექტემბერში ჩამოიტანა და მას შემდეგ, ეს მასალა არაერთი კვლევის საგანია.
ტრიპტოფანი ერთ-ერთია იმ ცხრა ძირითადი ამინომჟავიდან, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმი თავისით ვერ გამოიმუშავებს. თუ აღმოჩენა დადასტურდა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ის არამიწიერ ნიმუშებში იპოვეს.
ეს აღმოჩენა აძლიერებს თეორიას, რომლის თანახმადაც, კოსმოსიდან ადრეულ დედამიწაზე ჩამოცვენილმა ქვებმა თან მოიტანა სიცოცხლის საშენი მრავალი ინგრედიენტი; მიუთითებს იმაზეც, რომ ამ ქვების წვლილს აქამდე შეიძლება არასათანადოდ ვაფასებდით.
„ჩვენი აღმოჩენა აფართოებს მტკიცებულებებს, რომელთა მიხედვითაც, პრებიოტური ორგანული მოლეკულები შეიძლება წარმოიქმნას პრიმიტიულ აკრეციულ პლანეტურ სხეულებში და შეიძლება ადრეულ დედამიწაზე და მზის სისტემის სხვა სხეულებზეც მოხვდა მათი ჩამოცვენის გზით, რითაც პოტენციურად უნდა შეეტანათ წვლილი სიცოცხლის წარმოშობაში“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც NASA-ს გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის გეოქიმიკოსი ანხელ მოხარო ხელმძღვანელობდა.
იდეა, რომ სიცოცხლისთვის საჭირო ქიმია ახალშობილ დედამიწაზე სულ მცირე ნაწილობრივ მაინც კომეტებმა და ასტეროიდებმა მოიტანეს — სიცოცხლის აღმოცენების ერთ-ერთი მთავარი თეორიაა. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს სულ უფრო მეტი მტკიცებულება ფართო დიაპაზონის წყაროებიდან — ღრმა კოსმოსზე დაკვირვებებით დაწყებული, ასტეროიდების ნიმუშებით დამთავრებული.
ასტეროიდ რიუგუსა და ბენუს ნიმუშებში მართლაც განსაცვიფრებელი ინგრედიენტებია აღმოჩენილი, მათ შორის ბევრი ამინომჟავა (ცილების საშენი მასალები) და აზოტოვანი ფუძე (ძირითადი ერთეულები, რომლებიც ქმნიან რნმ-ს და დნმ-ს).
რიუგუს ნიმუშებში მხოლოდ ერთი აზოტოვანი ფუძე აღმოაჩინეს, მაგრამ ბენუს ნიმუშებში ხუთივე გავრცელებული აზოტოვანი ფუძე გამოჩნდა.
ამჯერად, მოხარომ და მისმა კოლეგებმა ბენუდან ჩამოტანილ ნიმუშებს ახალი ანალიზები ჩაუტარეს; ეს ასტეროიდი მზის სისტემის ასაკისაა. მკვლევრები ფოკუსირებული იყვნენ ამინომჟავებსა და აზოტოვან ფუძეებზე, რათა უკეთესი მონაცემები მიეღოთ არამიწიერ პრებიოტურ ქიმიასა და მის წარმოშობაზე.
კერძოდ, სურდათ უფრო დაეზუსტებინათ იმ ქიმიურ რეაქციათა გზები, რომლებითაც შეიძლება წარმოქმნილიყო ამინომჟავები მილიარდობით წლის წინ.
ჯგუფმა შეისწავლა ასტეროიდის დაფხვნილი ფრაგმენტები — შეამოწმა სხეულში ცილების წარმომქმნელ 20 ამინომჟავაზე (რომელთაგან ცხრას ორგანიზმი თავად ვერ გამოიმუშავებს და საჭიროა საკვების მეშვეობით მიღება), ასევე ხუთ ჩვეულებრივ აზოტოვან ფუძეზე, რომლებშიც ჩაშიფრულია ჩვენი გენეტიკური ინსტრუქციები (ადენინი, გუანინი, ციტოზინი, თიმინი და ურაცილი).
მათმა ანალიზებმა დაადასტურა წინა კვლევაში დაფიქსირებული 14 ამინომჟავის არსებობა, ასევე აზოტოვანი ფუძეებისაც. იპოვეს რამდენიმე არაბიოლოგიური ამინომჟავა და აზოტოვანი ფუძეც, რაც ადასტურებს ნიმუშებში არსებულ მოლეკულათა არამიწიერ წარმოშობას.
მათდა გასაკვირად, მკვლევრებმა ასევე დააფიქსირეს ტრიპტოფანის სიგნალი — მართალია მკრთალი, მაგრამ მაინც აღმოჩნდა ბენუს ნიმუშების მრავალ პორციაში.
ტრიპტოფანს თქვენი ტვინი სეროტონინის წარმოსაქმნელად იყენებს — ნეიროგადამცემის, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად, არეგულირებს თქვენს განწყობას, კეთილდღეობისა და ბედნიერების გრძნობებს.
დაბალი სეროტონინის მქონე ადამიანები მიდრეკილი არიან დეპრესიისა და შფოთვისკენ. ტრიპტოფანს თქვენი ტვინი ასევე იყენებს მელატონინის გამოსამუშავებლად, სხეული კი ვიტანიმ B3-ის საწარმოებლად. მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ საკვებით, როგორიც არის ფრინველის ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები, თხილეული და კვერცხი.
ამინომჟავა შედარებით მყიფეა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მეტეორიტში გადარჩეს ამ უკანასკნელის დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისა და აალებისას. ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ არ გვიპოვია ის აქამდე არცერთ მეტეორიტულ ნიმუშში.
თუმცა, ატმოსფეროში შემოსვლის ასეთ სასტიკ პროცესს არ გადის უშუალოდ ასტეროიდზე აღებული და დედამიწაზე სპეციალური კონტეინერით ჩამოტანილი ნიმუშები. შესაბამისად, ამ ნიმუშებში მათი დაფიქსირება მიუთითებს, რომ ასტეროიდებზე შესაძლოა არსებობდეს პრებიოტური ინგრედიენტები, რომლებიც არამიწიერ კონტექსტში შეუმჩნეველი რჩება, უბრალოდ იმიტომ, რომ ზედმეტად მყიფეა, რათა დედამიწისკენ თავისით მგზავრობას გადაურჩეს.