„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია „ამერიკის ხმის“ საზღვარგარეთ მდებარე ბიუროებს და რადიოსადგურებს დახურავს. როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, ტრამპის ეს განზრახვა წინააღმდეგობაში მოდის აპრილში ფედერალური მოსამართლის მიერ გაცემულ განკარგულებასთან, რომლის მიხედვითაც, „ამერიკის ხმამ“ უნდა განაახლოს ოპერირება.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს, დახუროს „ამერიკის ხმის“ ახალი ამბების ბიუროები ინდონეზიაში, პაკისტანში, კენიასა და ჩეხეთში.
ტრამპის ადმინისტრაციის მიერ „ამერიკის ხმის“ ზედამხედველი გლობალური მედიის სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშნული კერი ლეიკი ამტკიცებს, რომ „ამერიკის ხმის“ საზღვარგარეთ მდებარე ბიუროების დახურვა არ შეუქმნის დაბრკოლებას ჟურნალისტების მუშაობას და ეს ნაბიჯი ემსახურება ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა კუთვნილ 30 მილიონ დოლარზე მეტის დაზოგვას.
კეიკის მტკიცებით, საჭიროების შემთხვევაში „ამერიკის ხმას“, ასევე, ექნება შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი ახალი ამბების გასაშუქებლად კონტრაქტორები გამოიყენოს. საწინააღმდეგოს ამტკიცებს პეტსი ვიდაკუსვარა, რომელიც „ამერიკის ხმას“ მარტამდე ხელმძღვანელობდა. გამოცემის ცნობით, ის შეუერთდა „ამერიკის ხმის“ სხვა თანამშრომლებს, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივიან და საზღვარგარეთ მდებარე ბიუროების დახურვას ეწინააღმდეგებიან.