აზიისა და ევროპის, ასევე ამერიკის ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია, - ამის შესახებ კომპანიის კომერციულ დირექტორ ანა მირიანაშვილ "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს. 

მისივე ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვების ზრდა შეინიშნება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე.

"წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, "ჩელთის" გაყიდვები დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა, თუმცა წლის ბოლოს უფრო დაზუსტებული მონაცემები გვექნება.

აღსანიშნავია, რომ წელს დავიმატეთ ახალი ბაზარი - საფრანგეთი და ასევე, გავფართოვდით არსებულ ბაზრებზე. მათ შორის - ჩვენი ღვინოები წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის HoReCa სექტორში და ქსელურ მარკეტებშიც. წელს ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა ჩინეთში საკუთარი საწყობის გახსნა იყო. უნდა აღვნიშნოთ, რომ საკმაოდ დიდი ზრდაა ჩინეთის ბაზარზე. ყველგან დადებითი მაჩვენებლებია. ქართული ღვინო პოპულარული ხდება აზიის, ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე", - აცხადებს ანა მირიანაშვილი.

რაც შეეხება საფასო კატეგორიას - როგორ "ჩელთის" კომერციული დირექტორი აცხადებს, ქართული ღვინო უფრო და უფრო მაღალ საფასო კატეგორიაში გადის.

"რა თქმა უნდა, არსებობს ტრადიციული ბაზრები, სადაც ქართული ღვინო შედარებით იაფად იყიდება, თუმცა განსაკუთრებით ევროპაში და ამერიკაში საკმაოდ მაღალ სეგმენტში ვართ. ძირითადად ქვევრის ღვინოებზეა ინტერესი, რაც საკმაოდ ძვირი ღირს", - აღნიშნავს ანა მირიანაშვილი.

შეგახსენებთ, კომპანია "ჩელთი" ყვარელში, სოფელ შილდაში მდებარეობს. 80 ჰექტარზე "მეღვინეობა ჩელთის“ ვენახი, ხეხილის ბაღები, ტრადიციული მარნები, ბოთლების საძველე და ტურისტული კომპლექსია გაშენებული.

„მეღვინეობა ჩელთის“ 21 სახეობის ღვინოს შორის ისეთ უძველეს ჯიშებსაც შეხვდებით, როგორიცაა ხიხვი და ქისი. ბიზნესი საოჯახოა და მისი დამფუძნებელი გიგა მირიანაშვილია.

წყარო: ბიზნესპარტნიორი