გასული წლისგან განსხვავებით, წელს ბაკურიანში Ski პატრული გამოჩნდება.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ეკატერინე ორჯონიკიძემ განაცხადა, გადაწყდა, რომ 2025 წლის სეზონზე ბაკურიანის საავადმყოფოში გაიზრდება ტრავმატოლოგების რიცხვი. ასევე, იქნება მუცლის ღრუს ექოსკოპისტი, დაემატება კატასტროფის მანქანები და სასწრაფოს ბრიგადები.
„ბაკურიანის ყველაზე დიდი გამოწვევა საპარკინგე სივრცეების ნაკლებობაა. შემოსასვლელში დიდი სივრცეების მოწყობა უფრო გრძელვადიანი გეგმაა, ამ ეტაპზე კი რამდენიმე საპარკინგე სივრცე დავამატეთ. რაც მთავარია, წელს ბაკურიანს Ski პატრული ეყოლება, რაც უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, რომ დღესასწაულების ფონზე, ძალიან ხშირად სრიალებენ ნასვამი დამსვენებლები“, - ამბობს ეკატერინე ორჯონიკიძე.
რაც შეეხება უცხოელი ტურისტების დაინტერესებას, როგორც ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, უფრო მეტად მაინც ქართველი დამსვენებლები სჭარბობენ, თუმცა, არც უცხოელი ტურისტების ნაკლებობაა.
„ზამთრის სეზონზე, არდადეგების დროს, უფრო ქართველი დამსვენებლები მოდიან, ძირითადად, აჭარიდან, იმერეთიდან. ვერ გამოვყოფ, რომ ბევრი უცხოელია, მაგრამ რომ მიწყნარდება სეზონი, 15-20 იანვრიდან, სათხილამურო ტრასებზე ბევრი უცხოელიც გვხვდება. ვერ ვიტყვი, რომ არაბები და აზიელი ტურისტები თავს იკლავენ სრიალით, ეს ადამიანები სხვა სეზონებზე უფრო ბევრი გვხვდება. უფრო აღმოსავლეთ ევროპიდან და ისრაელიდან ჩამოსული სტუმრები გვყავს“, - განაცხადა ეკატერინე ორჯონიკიძემ.