UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის (61კგ) საჩემპიონო ბრძოლის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს კიდევ ერთხელ უპასუხა.
ქართველი ჩემპიონის განცხადებით, მას პიოტრ იანთან ბრძოლაში გამარჯვება ვადაზე ადრე სურს.
„მასთან პირველი შეხვედრა ჩემთვის უფრო პრინციპულ ხასიათს ატარებდა. ამჟამად კი ეს უბრალოდ სპორტული ინტერესია, რადგან ერთხელ უკვე დავუპირისპირდით ოქტაგონზე და გამარჯვება მე დამრჩა. მას ყოველი მომდევნო გამოსვლისას მხარს ვუჭერდი, თვალს ვადევნებ მის აქტივობას სოციალურ ქსელში – ის შესანიშნავი მშობელია და როგორც ათლეტი, მუდამ მაღალ დონეს აჩვენებდა.
ერთადერთი სირთულე მის გამაღიზიანებელ ქცევაში მდგომარეობდა. ის არაეთიკურად მომიხსენიებდა მე, ალჯამეინ სტერლინგსა და მთლიანად ჩვენს გუნდს, რაც პატივისცემის ნაკლებობაზე მიუთითებდა. ეს მართლაც პრობლემა იყო, თუმცა დღესდღეობით სიტუაცია დალაგებულია. პატივისცემით ვეგებები და ცხოვრებისეულ წარმატებებს ვუსურვებ.
არასდროს მიზიდავდა ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობა, ეს სპორტია, ჩვენ კი პროფესიონალები ვართ, მაყურებელი ბრძოლას ისედაც ინტერესით ელის. შერეული ორთაბრძოლების ქომაგები ჩვენს შერკინებას ნებისმიერ შემთხვევაში უყურებენ. თუ დაპირისპირება გულწრფელი და ბუნებრივი არაა, რა საჭიროა ურთიერთპატივისცემის დარღვევა? ეს ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო.
სურვილი მაქვს, ბრძოლა ნაადრევად დავასრულო, თუმცა ეს რთული ამოცანაა, ვინაიდან მსგავსი რამ მის წინააღმდეგ ჯერ არავის გაუკეთებია. მიზნად ვისახავ მორიგ ტრიუმფს, სარეკორდო, წელიწადში მეოთხე მოგებას. ნებისმიერი გამარჯვება უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია პირადად ჩემთვის, ჩემი გუნდისა და სამშობლოსთვის.
მსურს, ქომაგებს სანახაობრივი დაპირისპირება შევთავაზო. პიოტრთან ჩემი წინა შეხვედრა კარგი გამოვიდა, მაგრამ ახლა უკეთესი შედეგის ჩვენებას ვგეგმავ, რადგან ვვითარდები. ყოველი გამოსვლისას ჩემი დონე უფრო მაღალია“, – აღნიშნა მერაბ დვალიშვილმა.
34 წლის ქართველი მებრძოლი რუს პიოტრ იანთან სუპერსმუბუქი წონის ქამრის შესანარჩუნებლად 7 დეკემბერს ლას ვეგასში იბრძოლებს.
დვალიშვილმა ტიტული 2024 წლის სექტემბერში შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და 2025 წელს უკვე სამჯერ დაიცვა. თუ ამას მეოთხედაც მოახერხებს, ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდება, რომელიც კალენდარული წლის მანძილზე ოთხ საჩემპიონო ბრძოლას მოიგებს.
ქართველი სპორტსმენი იანს პირველად 2023 წლის მარტში შეხვდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.