აზერბაიჯანიდან დამატებითი გაზის მოცულობების ძველი პირობებით მიღება თუ ვეღარ გაგრძელდება, ტარიფებში მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი მაინც არ არის. ამის შესახებ BMG-სთან ენერგეტიკოსი გია არაბიძე საუბრობს.

როგორც ცნობილია, აზერბაიჯანულ მხარესთან დადებული ხელშეკრულება, დამატებითი გაზის მოცულობების მიღებაზე, 2026 წელს იწურება. ამ შეთანხმებით, საქართველო შეღავათიანი პირობებით, წლიურად 500 მლნ კუბურ მეტრ გაზს იღებს.

“ხელშეკრულების გაგრძელება რომც ვერ მოხერხდეს იმ ფასად, რა ფასადაც ვიღებთ, არა მგონია, რომ კატასტროფა შეიქმნას სამომხმარებლო ტარიფებში, როგორც მოსახლეობისათვის, ასევე თბოელექტროსადგურებისათვის და ბიზნესისათვის. აქ უნდა მოხდეს შემდგომი გადანაწილება იმგვარად, რომ მინიმალურად მოემატოს მოსახლეობას და თბოელექტროსადგურებს გაზის ტარიფი. ვფიქრობ, არის საშუალება იმისა, რომ სამომხმარებლო ტარიფი მნიშვნელოვნად არ შეიცვალოს, თუკი, ვერ მოხერხდა აი ამ ხელშეკრულების გაგრძელება” - ამბობს გია არაბიძე.

მისივე თქმით, საქართველო წლიურად დაახლოებით, 3 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტ გაზს მოიხმარს. აქედან 500 მილიონი კუბური მეტრი შეღავათიან ფასად ნაყიდი ე.წ. იაფი გაზია, რაც მოხმარების, დაახლოებით, 15-17%-ს შეადგენს.

“აქედან გამომდინარე, საკმაოდ წონადი რაოდენობა გახლავთ ეს 500 მილიონი და ამიტომაა, რომ უკვე დიდი ხანია მიდის მსჯელობა და მოლაპარაკება, რომ მოხერხდეს ამ ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, ვინაიდან, ამ ხელშეკრულებას უკვე ვადა უმთავრდება. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ამაზე წინა თვეებშიც მიდიოდა საუბარი და ახლაც მიმდინარეობს ქმედებები აზერბაიჯანის მხარესთან, რათა მოხერხდეს ამ რაოდენობის გაზის დატოვება, შესაბამის ფასად. და თუ დარჩება, ძალიან კარგი იქნება - გაზის ფასი ჩვენთან საკმაოდ დაბალია. არა - ჩვენს ხელფასებთან მიმართებით, არამედ, ზოგადად, გარე სამყაროში, ჩვენს სამეზობლოში და ეს მეტ-ნაკლებად აბალანსებს როგორც ელექტროენერგიის ტარიფს, ისე მოსახლეობის საჭიროებებს.

თეორიულად ჩავთვალოთ, რომ ვერ მოხერხდა ამ ხელშეკრულების გაგრძელება, ან მოხერხდა, მაგრამ არა იმ ფასად, რა ფასადაც ვიღებთ. მაშინ ჩვენ მოგვიწევს გარკვეული გადაანგარიშების გაკეთება და არსებული სტრუქტურის შეცვლა. პრიორიტეტი, როგორც მოგეხსენებათ, არის მოსახლეობა, რომელიც დაახლოებით, მილიარდზე ცოტა მეტი რაოდენობის გაზს მოიხმარს. შემდგომ მოდის თბოელექტროსადგურები, რომლებიც 600-700 მილიონამდე კუბურ მეტრ გაზს იყენებს სოციალურ ფასად და მერე ჩვენი არის კომერციული მომხმარებლები, რომელსაც მოიხმარენ აზოტის ქარხნები, მრეწველობა, ავტოტრანსპორტი მოიხმარს და ასე შემდეგ” - ამბობს გია არაბიძე.

სამხრეთ კავკასიური მილსადენის კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულებით საქართველო გაზს ორი შეთანხმებით იღებს: ერთი ოფციური გაზია და აზერბაიჯანიდან თურქეთისა და ევროპის მიმართულებით გატარებული გაზის 5%-ს შეადგენს, ხოლო მეორე - დამატებითი გაზი, რაც ყოველწლიურად 500 მლნ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. სწორედ, ამ შეთანხმების გადახედვის საკითხი დადგება მომავალ წელს დღის წესრიგში. თუკი, არსებული პირობების შენარჩუნება ვერ მოხერხდა, შესაძლოა, გაზის ტარიფებზე უარყოფითად აისახოს.

bm.ge