განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ 3 დეკემბერს, რუსთავი 2-ის ეთერში უნივერსიტეტების სახელმწიფო გრანტებთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2026 წლიდან ყველა სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარებს, უფასოდ ისწავლის. კერძო უნივერსიტეტების პირველკურსელები კი სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ.
დღის ბოლოს სამინისტრომ გაავრცელა მიქანაძის კომენტარი, რომელიც უფრო დეტალურად აღწერს დააანონსებულ ცვლილებებს.
„უმაღლესი განათლების სისტემის ეროვნული რეფორმის დაანონსების დღიდან ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რეფორმის მთავარი აქცენტი კეთდება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე. სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა შეასრულონ სახელმწიფოს დაკვეთები ბაზრის კვლევებისა და საჭიროებების მიხედვით. შესაბამისად, დაფინანსების ძირითადი რესურსების მობილიზება ამ პრინციპის გათვალისწინებით მოხდება. ეს სიახლეს არ წარმოადგენს. კერძო უნივერსიტეტებისთვისაც თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ახალი დაფინანსების მოდელი მთლიანად სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იქნება მიმართული.
რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, სტუდენტები, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს კერძო უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან, სახელმწიფოსგან საგრანტო მხარდაჭერას აღარ მიიღებენ. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე - მეორე, მესამე, მეოთხე კურსის, აგრეთვე მაგისტრატურის სტუდენტებზე - ეს შეზღუდვა არ გავრცელდება და მათთვის დაფინანსების არსებული კომპონენტი ძალაში დარჩება‘‘, - ამბობს მიქანაძე.
„საგრანტო დაფინანსებას რაც ეხება, ეს უკვე შემდეგი წლიდანვე ამოქმედდება. ამიტომ, საგრანტო კომპონენტი პირველკურსელებთან მიმართებაში შემდეგი წლიდან აღარ იმოქმედებს.
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაკვეთა, ეს იქნება პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტებზე და მათთან მიმართებაში იქნება შესაბამისი თანხები უნივერსიტეტებზე გადახდილი და თუ კი დამატებითი საჭიროება წარმოიშობა, რაღაც კონკრეტულ მიმართულებებზე კერძოებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში კერძოებთან მიმართებაშიც.
თუმცა, ამ მოცემულობასთან დაკავშირებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება გამართული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტებზე ორიენტირს, იმიტომ რომ ამ რეფორმის კონცეფცია პირველ რიგში სახელმწიფო უნივერსიტეტებს ეხება“,- თქვა გივი მიქანაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.