Bentley-ის პირველი ელექტრომობილი ჯერ წარმოებაში არ ჩაშვებულა, თუმცა 2027 წლის საწარმოო კვოტა უკვე სრულად გაყიდულია. კომპანიის ელექტრო კროსოვერის, Torcal-ის, შეძენით დაინტერესებულ ახალ მომხმარებლებს ავტომობილის მიღება, სავარაუდოდ, 2028 წლამდე მოუწევთ.
როგორც გამოცემა Automotive News-თან საუბრისას Bentley-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფრანკ-შტეფან ვალაიზერმა განაცხადა, მომავალი წლისთვის გათვალისწინებული წარმოების ყველა ადგილი უკვე დაჯავშნილია. მოდელის წარმოება 2027 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. კომპანიას ჯერჯერობით არ გაუმხელია, რამდენი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს წარმოების საწყის ეტაპზე.
Bentley-ში აცხადებენ, რომ ახალი მოდელის მიმართ მომხმარებელთა გამოხმაურებით კმაყოფილები არიან. კომპანიის შეფასებით, Torcal-ის შედარებით კომპაქტური ზომა და Bentayga-სთან შედარებით დაბალი ფასი ბრენდის მიმართ ახალი, მათ შორის უფრო ახალგაზრდა მომხმარებლების ინტერესს ზრდის.
InsideEVs-ის ინფორმაციით, აშშ-ის ბაზარზე ელექტრო კროსოვერის საწყისი ფასი 222 495 დოლარიდან იწყება. მოდელის უფრო მძლავრი ვერსია, Torcal S, 262 695 დოლარი ეღირება, ხოლო First Edition-ის ფასი 300 995 დოლარია. მიუხედავად ახალი ელექტრომობილის მიმართ მაღალი მოთხოვნისა, Bentley არ გეგმავს Bentayga-ს წარმოების შეწყვეტას და მიიჩნევს, რომ ორივე მოდელს ბაზარზე საკუთარი ადგილი აქვს.