მენტალური ჯანმრთელობის ახლადგახსნილ კლინიკაში მომდევნო კვირიდან სტაციონარული სერვისები ამოქმედდება, ასევე ამუშავდება ახალი სერვისები.
ამ თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ სიუჟეტში აღნიშნულია, რომ სიახლის შედეგად ქვეყანას მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით 100-ზე მეტი საწოლი შეემატება, რაც, როგორც კლინიკაში ამბობენ, ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის მიმართულებით საწოლფონდის დეფიციტზე დადებითად აისახება.
თსსუ-ს მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი გამყრელიძის თქმით, ძალიან ბევრი თანამედროვე მიდგომა და მეთოდი, რომელიც დღემდე საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო, მენტალური ჯანმრთელობის კლინიკაში ხელმისაწვდომი იქნება.
„უკვე გადამზადებულია ყველა დონის სპეციალისტი - დაწყებული საექთნო მოვლიდან, ფსიქოლოგების და სპეციალური თერაპიის მიმწოდებელი პერსონალით დამთავრებული. ისინი მზად არიან, პაციენტებს მაღალ დონის სამედიცინო მომსახურება გაუწიონ. გვაქვს გეგმა, როგორ ვმართოთ არსებული საწოლები ეფექტურად, რათა ჩვენი რესურსით მაქსიმალურად შევძლოთ საქართველოში არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება,“ - განაცხადა გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.
სტაციონარული მომსახურების დაწყებამდე მენტალური ჯანმრთელობის ცენტრში ნივთიერებებზე დამოკიდებულების პრობლემის მქონე პირებისთვის პირველადი უფასო კონსულტაციები მიმდინარეობს. კონსულტაციის ფარგლებში სპეციალისტები აფასებენ პაციენტის მდგომარეობას, განსაზღვრავენ მკურნალობის ინდივიდუალურ საჭიროებებს და აწვდიან მათ ინფორმაციას მკურნალობის შესაძლებლობებისა და სტაციონარული მკურნალობის დაგეგმვის შესახებ. კლინიკაში აცხადებენ, რომ უფასო კონსულტაციების გამოცხადების შემდეგ მიმართვიანობა მაღალია ყველა ასაკის კატეგორიიდან.
სტაციონარული მკურნალობის გავლის შემდეგ პაციენტებს კიდევ ერთი ახალი სერვისის მიღებაც შეეძლებათ. ამ მიზნით ამოქმედდა დამოკიდებულების მართვის და ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის რეაბილიტაციის პროგრამა. მისი მიზანია, პაციენტებს სპეციალისტები სიფხიზლესთან ადაპტაციის პროცესის გავლაში დაეხმარონ. კლინიკის წარმომადგენლების თქმით, ეს იქნება თითოეულ პაციენტზე მორგებული, მართვის ინდივიდუალური გეგმა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა საქართველოში გაზაფხულიდან ფუნქციონირებს. ცენტრის საქმიანობა მიზნად ისახავს ქვეყანაში მენტალური ჯანმრთელობის სერვისების განვითარებას, მათი ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ამ სფეროში თანამედროვე სამედიცინო და სარეაბილიტაციო მიდგომების დანერგვას. კლინიკაში, სხვა სერვისებთან ერთად, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამებიც მოქმედებს.