საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ თბილისის სატრანსპორტო პრობლემების მოსაგვარებლად ქალაქის განვითარების არსებული კურსი რადიკალურად უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც თბილისის მერის გუშინდელ ვიდეოჩართვას გამოეხმაურა.
როგორც მელაძე აცხადებს, გზა, რომელსაც კახა კალაძე ადგას, თბილისის მოსახლეობას სასურველ შედეგს ვერ მოუტანს.
„კომერსანტი“ მევლუდ მელაძის „ფეისბუქ“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„წლების წინ მერიაში მწვავედ ვიკამათეთ ამ საკითხზე (ჩემ გარდა სხვა სპეციალისტებიც იყვნენ). გაშმაგებული ვამტკიცებდი რომ ავტომობილების რაოდენობა ძალიან სწრაფად გაიზრდებოდა.
არ შეიძლებოდა დედაქალაქის სიმაღლეში წასვლა და შემჭიდროება (მითუმეტეს ამ ტემპით და თან საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების გარეშე).
შეგახსენებთ, რომ მერიის გეგმაში მაშინ ავტომობილების რაოდენობის ზრდა კი არა, განახევრება იყო… თან იმ ფონზე, რომ პარალელურად ქალაქის ცენტრში მრავალსართულიანი ნაგებობები მომრავლდებოდა.
ასევე ქალაქს არ აქვს და აუცილებელია ჰქონდეს უშუქნიშნო გამჭოლი და შემოვლითი გზები, ასევე აუცილებელია არსებობდეს ადეკვატური რაოდენობის საპარკინგე სივრცეები. აღარაფერს ვამბობ მეტროს სწრაფი განვითარების გარდაუვალობაზე.
შემიძლია გავაგრძელო მიზეზების და შედეგების ურიცხვი ჩამონათვალი რაც ჩემი აზრით, რა კუთხიდანაც არ უნდა შეხედო 2X2=4 ნიშნავს.. ამას როგორც აღმოჩნდა სტუმრად ჩამოსული ილია თოფურიაც კი ამჩნევს მიუხედავად იმისა რომ სრულიად სხვა დარგის პროფესიონალია.
P.S. თუკი მერს მართლა სურს პრობლემის მოგვარება, მაშინ ვურჩევ არსებული კურსი რადიკალურად შეცვალოს. გზა, რომელსაც ის ადგას, ჩემი აზრით, თბილისის მოსახლეობას სასურველ შედეგს ვერ მოუტანს,“ - წერს მევლუდ მელაძე.


