„ეს კანონი გაცხრილავს უცხოელ თვითნებურ გიდებს, ადგილობრივებს მეტი საქმე გამოუჩნდებათ, მაგრამ შემოსავალი უნდა დაბეგრონ 1%-ით,”- ამის შესახებ ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
ცნობისთვის, 2026 წლის 1-ელი ივნისიდან გიდების, ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში რეგისტრაცია სავალდებულო გახდა. მომავალი წლის იანვრიდან კი რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმების ამოქმედება იგეგმება.
„კომერსანტი” მაია მურაჩაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„გიდების რეგისტრაციაზე ერთი ამბავია ატეხილი. ჩვენ ხომ ეს გვახასიათებს: ჯერ რატომ არ კეთდება და თუ კეთდება - რატომ კეთდება.
გიდების და ტუროპერატორების სრულ უმრავლესობას გვაწუხებდა და გვაწუხებს უცხოელების თვითნებური გიდობა, დამახინჯებული ისტორია, წართმეული სამუშაო ადგილები და დადემპინგებული ფასები.
რას გვაძლევს ეს კანონი?! - რეგისტრაციისთვის საჭიროა: პირადობის მოწმობის ორივე მხარე; თუ დასაქმებული ხარ - კომპანიის ცნობა; თუ თვითდასაქმებული ხარ - ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან.
ანუ, უცხოელს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, არ აქვს მუშაობის უფლება საქართველოში, არ აქვს ქართული ბინადრობის ან პირადობის მოწმობა, აეკრძალება მუშაობა!
თუ ხარ საქართველოს მოქალაქე, უნდა დარეგისტრირდე და დღიური 200 ლარის სარგოდან 2 ლარი - მცირე მეწარმის 1%, სახელმწიფოს გადაუხადო.
ეს კანონი შეზღუდავს ჩრდილოვანი ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსაც. ჩრდილოვანი ეკონომიკით ვეღარ იმუშავებს ვერც გიდი და ვერც მისი დამსაქმებელი.
ჰოდა, როცა გაქვს შემოსავალი, მცირე მეწარმედ დარეგისტრირდი და 1% გადაიხადე.
ტუროპერატორები კი, ვინც დღემდე ჩრდილში მუშაობს, რომ ბუღალტერს ხელფასი არ გადაუხადოს, უფრო მეტს კარგავენ უკან დასაბრუნებელი დღგ-ს სახით.
მოკლედ და მარტივად, ეს კანონი გაცხრილავს უცხოელ თვითნებურ გიდებს, ადგილობრივებს მეტი საქმე გამოუჩნდებათ, მაგრამ შემოსავალი უნდა დაბეგრონ 1%-ით.
არ შეიძლება მხოლოდ ვითხოვდეთ და არაფერს გავცემდეთ. მეტი მოთხოვნის უფლება და მაღალი ხმა გვექნება ყველას, თუ ჩვენი წვლილი გვექნება ბიუჯეტში შეტანილი. ესაა ევროპულიც, ამერიკულიც და სახელმწიფოებრივი აზროვნებაც, რაც გინდათ დაარქვით,” - წერს მაია მურაჩაშვილი.