უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მალდერამ ერთა ლიგის ბოლო ტურში საქართველოსთან გასამართ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
„ანდრეი შევჩენკოსთან შედეგებსა და მომავალზე არ გვისაუბრია. ეს ის კითხვაა, რომელიც მე კი არა, სხვას უნდა დაუსვათ. ახლა მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობ. ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს შეხვედრაა.
საკადრო პრობლემები და ტრავმები ფეხბურთის ნაწილია. ჩვენმა მეტოქემ კვარაცხელია ტრავმის გამო დაკარგა. ზოგჯერ ერთი ფეხბურთელის არყოფნა მეორისთვის შესაძლებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ძირითადი მოთამაშე გვაკლდა, მათი შემცვლელების პოვნა შევძელით.
რთულ მატჩს ველი, რადგან საქართველოს ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. თუმცა გამარჯვებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ვნახოთ, რა მოხდება ხვალ.
რა თქმა უნდა, შედეგებით იმედგაცრუებულები ვართ. სამწუხაროდ, ჩვენი მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა. ამიტომ გონივრული მოქმედება გვჭირდება, რათა ვითარება გამოვასწოროთ. ბიჭებს გამარჯვების უდიდესი სურვილი აქვთ და ისინი ამას იმსახურებენ. იმედი მაქვს, ვითარება რაც შეიძლება მალე შეიცვლება.
ყველაზე დიდი იმედგაცრუება ის არის, რომ უკრაინელ გულშემატკივრებს სიხარული ვერ ვაჩუქეთ. გუნდში ამაზე ხშირად ვსაუბრობთ. იმედი მაქვს, ხვალ გავიმარჯვებთ და მათ გავახარებთ.
შესაძლოა, სასტარტო შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ. ვფიქრობ, წინ რთული 90 წუთი გველის. ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე შესული რომელი ფეხბურთელი შეძლებს თამაშის გამწვავებას.
ბიჭები ყველაფერს განიცდიან და პასუხისმგებლობის სიმძიმეს გრძნობენ. ეს მათი ძლიერი მხარე უნდა იყოს და არა დამატებითი წნეხი. ჩვენი მიზანი ქულების მოპოვებაა და გვინდა, ხალხი გავახაროთ. გარწმუნებთ, ბიჭები მოედანზე გავლენ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ“, – განაცხადა უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
უკრაინისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩი 17 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.