ყველას გვინდა ევროპული დონის კურორტი, დაუთოვებული ტრასები, ახალი ციფრული პლატფორმები, ახალი საბაგიროები და გათოვლიანება… ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული, - ასე ეხმაურება „მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის“ თანადამფუძნებელი, მირანდა ესაკია ზამთრის კურორტებზე საბაგიროს აბონემენტების გაძვირებას.
ცნობისთვის, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე 2026-2027 წლის ზამთრის სეზონზე საბაგიროს აბონემენტების ფასები იზრდება, რასაც მომხმარებლების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ინფორმაციით, ერთდღიანი აბონემენტის ფასი ბაკურიანში 75 ლარამდე იზრდება, მესტიაში - 70 ლარამდე, გუდაურში - 90 ლარამდე, გოდერძიზე კი 50 ლარამდე. ოთხივე კურორტის სეზონური აბონემენტის ფასი ზრდასრულებისთვის 1 000 ლარია, 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის კი 500 ლარი.
როგორც მირანდა ესაკია სოციალურ ქსელში წერს, კურორტის განვითარებისა და თუნდაც, საბაგიროს მომსახურების უკან, ბევრი სხვადასხვა ხარჯი დგას, რისი გათვალისწინებაც საჭიროა.
„მინდა გამოვეხმაურო უკმაყოფილების ტალღას რომელიც გამოიწვია საბაგიროს ბილეთების გაძვირებამ.
პირველად ვუჭერ მხარს M.T.A. Mountain Trails Agency გადაწყვეტილებას.
ყველას გვინდა ევროპული დონის კურორტი, დაუთოვებული ტრასები, ახალი ციფრული პლატფორმები, ახალი საბაგიროები და გათოვლიანება… ეს ხარჯებთან არის დაკავშირებული, საბაგიროს ბილეთის უკან მხოლოდ ერთი ასვლა არ დგას, ამის უკან დგას ელექტროენერგიის ხარჯი, ტექნიკური მომსახურება, თოვლსაწმენდების 24/7 მუშაობა, საწვავი რომელიც ასე გაძვირდა, სათადარიგო ნაწილები, თანამშრომლების შრომა და, პირველ რიგში, უსაფრთხოება…
ყველას გვინდა გამართული კურორტი, მაგრამ ამის შენარჩუნებასა და განვითარებას ხარჯი აქვს.
მტკივნეულია მაგრამ მე ვფიქრობ რომ გარდაუვალი პროცესია.
P.S. ამ ფასებითაც კი უიაფესია გუდაური სხვა სათხილამურო კურორტებთან შედარებით“, - წერს მირანდა ესაკია.