ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული გლობალური დებატების ფონზე, კემბრიჯის ლექსიკონმა 2026 წლის სიტყვად „ადამიანი“(ადამიანური) დაასახელა.

ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში „კემბრიჯის ლექსიკონმა“ (Cambridge Dictionary) აღნიშნა, რომ „ადამიანურის“ (human) განმარტება მათ ლექსიკონში შემდეგნაირად ჟღერს: „ისეთი თვისებების, ნაკლოვანებებისა და გრძნობების მქონე, რაც ადამიანებს ახასიათებთ — განსხვავებით ღმერთების, ცხოველებისა თუ მანქანებისგან“.

თავისი არჩევანის განმარტებისას ლექსიკონმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი „განისაზღვრა გლობალური დებატებით იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ადამიანი მაშინ, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ბუნდოვანს ხდის ზღვარს ადამიანებსა და მანქანებს შორის“.

მოყვანილი იყო ინტელექტუალების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის პიონერისა და ნობელის პრემიის ლაურეატის, ჯეფრი ჰინტონის საჯარო გამოსვლები. ჰინტონმა განაცხადა: „ჩვენ უცხო არსებებს ვქმნით. მე მზად ვარ, ეგოისტურად მოვიქცე და ადამიანები ავირჩიო“.

კემბრიჯის ლექსიკონმა ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის მიერ ადამიანების სიმულირების შემძლებელი ღრმა ფეიქების განვითარებას და ამ ტექნოლოგიაზე ისეთი ცნობილი ადამიანების რეაქციას, როგორებიც არიან მეთიუ მაკკონაჰი და ტეილორ სვიფტი, რომლებმაც საკუთარი ფოტოები და ხმის კლიპები სავაჭრო ნიშნით დაარეგისტრირეს.

კემბრიჯის ლექსიკონის ლექსიკოგრაფმა კოლინ მაკინტოშმა დასძინა: „ხელოვნური ინტელექტი ცვლის იმას, თუ როგორ ვსაუბრობთ ადამიანობაზე“.

„ტერმინი „ადამიანის“ განსაზღვრება ტრადიციულად გვაცალკევებდა ღმერთებისგან, ცხოველებისგან, ხოლო ბოლო ხანებში — მანქანებისგანაც“, — აღნიშნა მან განცხადებაში.

„ისეთი რთული სიტყვების გახშირებული გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად, „ადამიანის შექმნილი“ (human-made), ცხადყოფს, რომ ეს გამოთქმა უკვე გამოიყენება ადამიანის მიერ შექმნილი ნამუშევრებისა თუ თვისებების ხელოვნური ინტელექტისგან (AI) გამოსაყოფად“, — დასძინა მაკინტოშმა.

„სწორედ ადამიანად ყოფნის იდეისადმი ეს განახლებული ინტერესია ის, რამაც ეპოქის სულისკვეთება დაიჭირა“.

კემბრიჯის ლექსიკონმა „წლის სიტყვის“ გამოვლენასთან ერთად, ასევე წარმოადგინა არაერთი ახალი სიტყვა და ფრაზა, რომლებიც წელს ლექსიკონს დაემატა.

პირველი მათგანია „საჰაერო ციხე“ (air jail) — ცხოველის, განსაკუთრებით კი ძაღლის გაწვრთნის მეთოდი, რომელიც გულისხმობს ცხოველის გარკვეული ხნით მიწიდან აწეულ მდგომარეობაში გაჩერებას მაშინ, როდესაც ის ავლენს აგრესიას ან სხვა არასასურველ ქცევას.

კიდევ ერთი ტერმინია „აურა ფარმინგი“ (aura farming) — ქმედებები, რომელთა მიზანია ისეთი პიროვნული იმიჯის წარმოჩენა, რომელიც სხვების აღტაცებას იწვევს და მიმზიდველად თუ საინტერესოდ მიიჩნევა. ლექსიკონში ასევე შევიდა ტერმინი „ლუქსმაქსინგი“ (looksmaxxing), რაც გულისხმობს „საკუთარი ფიზიკური მიმზიდველობის მაქსიმალურად გაზრდას — პრაქტიკას, რომელსაც სოციალურ ქსელებში გარკვეული ჯგუფები, ძირითადად ახალგაზრდა მამაკაცები, უწევენ პოპულარიზაციას“.

წყარო: CNN