ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის „ჰანიველ პარტნერსის“ საკუთრებაში არსებულმა „რუსთავის ფოლადმა“ არმატურის წარმოება მეტალურგიულ კომპანია „პიემ მეტალს“ 72.3 მლნ აშშ დოლარად მიჰყიდა. გარიგების სრული ღირებულება კომპანიის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგებით გასაჯაროვდა.
დოკუმენტის თანახმად, 2026 წლის 31 ივლისს „რუსთავის ფოლადმა“ სრულად გაასხვისა შვილობილი კომპანია „იბერია რიბარი“, რომელშიც არმატურის საწარმოო აქტივები იყო გაერთიანებული. გარიგების ძირითადი ღირებულება 51.8 მლნ დოლარია, პროცენტის ჩათვლით კი გადასახდელი თანხა 72.3 მლნ დოლარს შეადგენს. ანგარიშსწორება 90-თვიანი განვადებით, 2034 წლის იანვრამდე გაგრძელდება.
მყიდველი „პიემ მეტალია“, რომელიც 2019 წელს დაფუძნდა და საქართველოს ბაზარზე არმატურის იმპორტითა და რეალიზაციით არის დაკავებული. კომპანიის 2024 წლის შემოსავალმა 253 მლნ ლარი, წმინდა მოგებამ კი 10.8 მლნ ლარი შეადგინა. „პიემ მეტალი“ გიორგი მირიანიშვილის საკუთრებაა.
„რუსთავის ფოლადის“ განმარტებით, გარიგების მიზანი დაბალმარჟიანი არმატურის წარმოებიდან გასვლა და უფრო მაღალმარჟიან მიმართულებებზე — უნაკერო მილებისა და კვადრატული ნამზადების წარმოებაზე კონცენტრირებაა.