აშშ-ის ზარაფხანამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამოსახულებიანი $1-იანი მონეტების კოლექციონერებისთვის გაყიდვა დაიწყო. ეს აშშ-ის ისტორიაში მხოლოდ მეორე შემთხვევაა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის პორტრეტი მონეტაზეა გამოსახული.
მონეტების გაყიდვა ოთხშაბათს, აღმოსავლეთის დროით 12:00 საათზე დაიწყო. პროდუქცია 25- და 100-ცალიან შეფუთვებად იყიდება. მათი ფასი, შესაბამისად, $61 და $154.50-ია. შედეგად, 25-ცალიან შეკვრაში ერთი მონეტის ფასი $2.44-ს შეადგენს, ხოლო 100-ცალიან შეფუთვაში — დაახლოებით $1.55-ს.
მონეტის ნომინალური ღირებულება $1-ია და ის ლეგალურ გადახდის საშუალებად ითვლება, თუმცა ზარაფხანა მას რულონებისა და ტომრების სახით საკოლექციო პროდუქტად ყიდის.
ტრამპის გამოსახულებიანი მონეტა 2026 წლის Semiquincentennial Coin Program-ის ნაწილია და აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლისთავს ეძღვნება.
მონეტის ავერსზე დონალდ ტრამპის პორტრეტია გამოსახული, ასევე წარწერები — „Liberty“, „In God We Trust“ და „1776–2026“. რევერსზე კი აშშ-ის პრეზიდენტის ბეჭედი და რიცხვი „250“ არის დატანილი.
მონეტა ოქროსფერია, თუმცა ოქროს არ შეიცავს. მისი შემადგენლობა ძირითადად სპილენძია, ასევე 6% თუთია, 3.5% მანგანუმი და 2% ნიკელი.
რატომ არის მონეტის გამოშვება სადავო?
Semiquincentennial Coin Program კონგრესმა 2020 წელს მიღებული Circulating Collectible Coin Redesign Act-ის საფუძველზე დაამტკიცა. კანონი აშშ-ის ზარაფხანას საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით მიმოქცევაში არსებული მონეტების დიზაინის შეცვლის შესაძლებლობას აძლევს.
სწორედ ამ საკანონმდებლო აქტს ეყრდნობა ტრამპის ადმინისტრაცია და აცხადებს, რომ ახალი მონეტის გამოშვება კანონიერია. საკითხი ყურადღებას იმ ფონზე იპყრობს, რომ ფედერალური კანონმდებლობა, ზოგადად, ცოცხალი ადამიანების გამოსახულებების აშშ-ის ვალუტაზე განთავსებას კრძალავს.
მონეტის დიზაინი აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა ივლისში წარადგინა. პრეზენტაციისას მან განაცხადა, რომ მონეტა „თავისუფლების მტკიცე მემკვიდრეობასა და პატრიოტიზმის მუდმივ სიმბოლოს“ უნდა განასახიერებდეს.
ისტორიულად, პირველი მოქმედი აშშ-ის პრეზიდენტი, რომლის პორტრეტიც მონეტაზე გამოჩნდა, კალვინ კულიჯი იყო. მისი გამოსახულება 1926 წელს, აშშ-ის დამოუკიდებლობის 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საკოლექციო ნახევარდოლარიან მონეტაზე განთავსდა.