The Telegraph-ის ინფორმაციით, აშშ-მ დახურულ კარს მიღმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ კირ სტარმერის ინიციატივით ჩამოყალიბებულ "მსურველთა კოალიციას" უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა შესთავაზა.
"მსურველთა კოალიცია" 30-ზე მეტი დასავლური ქვეყნის გაერთიანებაა, რომელიც ომში მყოფი უკრაინის მხარდასაჭერად შეიქმნა. კოალიციას გაერთიანებული სამეფო და საფრანგეთი უძღვებიან.
სამომავლოდ მოსკოვსა და კიევს შორის დადებული პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების დაცვისა და აღსრულების მიზნით, კოალიციის რამდენიმე წევრი სახელმწიფო მარტში გამოვიდა ინიციატივით, ომის დასრულების შემდგომ უკრაინაში ევროპული ჯარები განლაგდეს.
The Telegraph-ის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირები სწორედ ამ ჯარებისთვის სხვადასხვა სახის დახმარების უზრუნველყოფის შეთავაზებით გამოვიდნენ.
დახმარების ერთ-ერთი ფორმა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება იქნებოდა, ხოლო მეორე - ლოჯისტიკური დახმარება.
ჯერჯერობით უცნობია, თანახმა იქნება თუ არა აშშ აღნიშნული ჯარების სამხედრო გზებით დახმარებაზე იმ შემთხვევაში, თუ მათ რუსეთი დაესხმებოდა თავს.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რამდენიმე თვეა, მუშაობენ, რათა მკაფიო გეგმა შეიმუშაონ ომის დასრულების შემდგომ უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგების შესახებ.
ჯერჯერობით 31-წევრიანი კოალიციიდან მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მზაობა აღნიშნულის შესასრულებლად.
რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნებს შორის, რომლებიც ომის დასრულების შემდგომ უკრაინაში ჯარების განლაგებას მოიაზრებენ, არიან გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ბალტიის ქვეყნები და კიდევ ერთი ქვეყანა, რომლის სახელიც ჯერჯერობით არ საჯაროვდება. კოალიციის სხვა წევრი სახელმწიფოების ლიდერები კი ამბობენ, რომ მათ ამგვარი ნაბიჯის გადადგმამდე მოქმედების დეტალური გეგმა სჭირდებათ.
"მსურველთა კოალიციამ" 10 აპრილს ბრიუსელში შეხვედრა გამართა, სადაც გეგმის შესახებ მეტი დეტალი გახმოვანდა. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განმარტა, რომ უკრაინაში გაგზავნილი ძალების უმთავრესი დავალება უკრაინის არმიის გაძლიერება იქნებოდა, ვიდრე ტრადიციული სამშვიდობო ძალების სახით ოპერირება.
"ეს არ არის სამშვიდობო ძალები, რომლებიც ამჟამად მეომარ მხარეებს კონტაქტის ხაზთან გაყოფენ. [...] პუტინის აგრესიის განახლების შეკავების ყველაზე ეფექტიანი საშუალება, ცეცხლის შეწყვეტის გამყარების საუკეთესო გზა თავად უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერეა". - ამბობდა ჰილი.
თუმცაღა, როგორც The Telegraph წერს, ევროპელი ლიდერები თანხმდებიან იმაზე, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აღნიშნულ ინიციატივაში ვაშინგტონის ჩართვის მომხრე არ იქნება.
წყარო: tabula.ge