2025 წლის მარტში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 9.2%-ით, 1 026 გვტ. საათამდე შემცირდა, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.
დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის მარტში ქვეყანაში გამომუშავებული ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა 1 130 გვტ. საათი იყო, წლევანდელ მარტში კი - 1 026 გვტ. საათი შეადგინა.
"ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურად 14.4%-ით, 831 გვტ. საათამდე გაიზარდა, თბოსადგურების გამომუშავება შემცირებულია 189 გვტ. საათამდე, რაც წლიური 52.2%-იანი კლებაა, ხოლო ქარის სადგურის გამომუშავება წლიურ ჭრილში 22.6%-ით შემცირდა და 6.5 გვტ. საათი შეადგინა“, - აღნიშნულია კვლევაში.
აქვე იმასაც ვკითხულობთ, რომ მხოლოდ მარტში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 4.2%-ით, 1 232 გვტ. საათამდე გაიზარდა.
„2025 წლის მარტში ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში წლიურად 4.2%-ით, 1 232 გვტ. საათამდე გაიზარდა. საცალო მოხმარება გაზრდილია 2.5%-ით, 6.93 გვტ. საათამდე, მსხვილი მომხმარებლების მოხმარება 16.6%-ით გაიზარდა და 285 გვტ. საათი შეადგინა, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარება 3.1%-ით შემცირდა და 253 გვტ. საათი შეადგინა“, - წერს „თიბისი“ კაპიტალი“.
დოკუმენტის მიხედვითვე, 2025 წლის მარტში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა, ერთ კილოვატსაათზე, 6.04 აშშ ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 4.3%-იანი ზრდაა. აქვე საუბარია იმაზეც, რომ იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობასა და იმ ქვეყნებზე, რომელთაგანაც მას ვყიდულობთ.
„ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარზე ფასები, თვიურ ჭრილში, თებერვალთან შედარებით, 1.4%-ით გაიზარდა. საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს განაგრძობს და მიმდინარე წლის მარტში 252 გვტ. საათის ოდენობა შეიძინა. რუსეთის წილმა იმპორტში 72% შეადგინა, ხოლო აზერბაიჯანისა და სომხეთის წილები, შესაბამისად, 21% და 7%-ია“, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.
სრულად იმპორტირებული 252 გვტ. საათი ელექტროენერგიიდან, 181.44 გვტ. საათი რუსეთისგან ვიყიდეთ; 52.92 გვტ. საათი - აზერბაიჯანისგან; 17.64 გვტ. საათი კი - სომხეთისგან.