ფსონები რომის ახალ პაპზე: აჟიოტაჟი საბუკმეიკერო კანტორებში
ჯერ უცნობია თარიღი, როდესაც კარდინალთა კოლეგია პაპი ფრანცისკეს მემკვიდრის ასარჩევად შეიკრიბება. თუმცა, ბუკმეიკერები და კრიპტო-ინვესტორები უკვე გაფაციცებით ცდილობენ იმის გამოცნობას, თუ ვინ იქნება შემდეგი პონტიფიკოსი. FairPlay Sports Media-მ, რომელიც სპორტულ ფსონების ინდუსტრიაში საქმიანობს, სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ „2025 წელს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ფსონი იმის შესახებ, თუ ვინ ჩაანაცვლებს პაპ ფრანცისკეს“, რომელიც ორშაბათს, 21 აპრილს გარდაიცვალა. FairPlay Sports Media-ს ცნობით, შემდეგი პაპის ვინაობის პროგნოზი 30 ყველაზე მიმზიდველ ფსონს შორისაა და პოპულარობით ინგლისის ასოციაციის თასზე დადებულ ფსონებსაც კი გადაასწრო. როგორც ირკვევა, ბუკმეიკერების სიაში ლიდერობს ვატიკანის მთავარი დიპლომატი, იტალიელი კარდინალი პიეტრო პაროლინი, რომელიც ფრანცისკეს პაპობისას, დიდი ხნის განმავლობაში, თავისი გავლენით, მეორე პირი იყო.
ბრიტანულმა საბუკმეიკერო კანტორა „უილიამ ჰილმა“ პაროლინის შანსები შეაფასა კოეფიციენტით 9/4, რაც უსაფრთხო ფსონად მიიჩნევა. მას ფეხდაფეხ მისდევს ქარიზმატული, ზომიერი კარდინალი, ფილიპინელი ლუის ანტონიო ტაგლე, რომელიც შეიძლება პირველი აზიელი პაპი გახდეს. მასზე დასადები ფსონის კოეფიციენტი 3/1-ზეა. მესამე და მეოთხე ადგილებს შორის მერყეობს ბოლონიის არქიეპისკოპოსის, უკრაინის საკითხებში ბოლო პაპის სპეციალური სამშვიდობო დესპანის, მატეო ზუპის კანდიდატურა. ვებსაიტ Oddschecker-ს, რომელზეც ონლაინ ფსონები ერთმანეთთან დარდება, აქვს განყოფილება, სახელწოდებით, „მომდევნო პაპი“. FairPlay Sports Media-ს მტკიცებით, ეს განყოფილება უკვე 100 000-ზე მეტმა მომხმარებელმა მოინახულა. მიუხედავად იმისა, რომ ბუკმეიკერებმა ადრეული ფავორიტები გამოკვეთეს, პაპის საიდუმლო კონკლავის შედეგი მაინც არაპროგნოზირებადია.
„არასანდო“
ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ მინიმუმ 15 და არაუმეტეს 20 დღისა, 135 კარდინალი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს კონკლავში, რათა თავისი რიგებიდან პაპის მემკვიდრე აირჩიოს. მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკური ეკლესია უარყოფითად აფასებს ფსონებით გამოწვეულ აჟიოტაჟს, შედეგზე სანაძლეოების დადება საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა. „ის, რაც ოდესღაც რენესანსის ეპოქის რომაელი ბანკირებისა და კარისკაცების საქმიანობის სფერო იყო, დღეს მრავალმილიონიან გლობალურ ბაზრად გადაიქცა, რომელიც ღილაკზე თითის დაჭერით ან კრიპტო-საფულეზე შეხებით ხელმისაწვდომი ხდება“, - ამბობს ნოტინგემის ბიზნესის სკოლის ეკონომიკის და ფინანსების პროფესორი, ლეიტონ ვოგან-უილიამსი. „ფრანს პრესს“ მან ასევე განუცხადა, რომ წინა, 2005 და 2013 წლების კონკლავების პერიოდთან შედარებით, „პაპზე ფსონების ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა“.
„თუმცა, კონკლავის საბოლოო შედეგის გამოცნობაში ფსონების სიზუსტე სანდოობით არ გამოირჩევა“, - გაფრთხილებით გამოდის პროფესორი, რომელმაც 2015 წლის კვლევაში კონკლავის გადაწყვეტილებებზე 500 წლის განმავლობაში გაკეთებული ფსონების შედეგები ასახა. პაპობამდე ხორხე მარიო ბერგოლიო, პაპობისას კი ფრანცისკე, 2013 წელს ფავორიტად არ მიიჩნეოდა და ბუკმეკერების სიებში მხოლოდ მე-40 ადგილზე იყო. სანამ ვატიკანის ექსპერტები და ანალიტიკოსები შესაძლო ფავორიტებზე მსჯელობენ, კარდინალები, რომლებიც კონკლავში შედიან, განკვეთის შიშით, საიდუმლოს შენახვაზე არიან ორიენტირებულნი. „ამიტომ, სანდო ინფორმაციის არარსებობის პირობებში, სათამაშო ინდუსტრიის ბაზარი, ძირითადად, სპეკულაციებზე, მედიის ნარატივებსა და მიკერძოებულ მოსაზრებებზე რეაგირებს“, - აცხადებს ვოგან-უილიამსი.
სოციალური მედია და კრიპტო-ბაზარი
ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა 2024 წლის ოსკარის მფლობელი ფილმის, „კონკლავის“ გამოსვლის შემდეგ, რომელშიც დრამატულად არის ნაჩვენები დახურულ კარს მიღმა პონტიფიკოსის არჩევის პროცესი. ამ ფილმის ერთ-ერთი სცენის მიხედვით, რომელიც ფართოდ გავრცელდა „იქს“ (ყოფილი „ტვიტერი“) პლატფორმაზე, პაპის სავარაუდო მემკვიდრეები მათი იდეოლოგიური შეხედულებების მიხედვით არიან დაყოფილნი, მაყურებელს კი ეს გამოგონილი გმირები რეალობაში გადმოჰყავს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, სოციალური მედიის ზოგიერთი მომხმარებელი ფსონს ტაგლეზე დებს, მისი ზომიერი შეხედულებებისა და ლგბტქ პირების მიმართ ტოლერანტობის გამო. სოციალური მედიის კიდევ ერთი ფავორიტია კარდინალი პიტერ ტურკსონი განადან, რომელიც შეიძლება პირველი შავკანიანი პაპი გახდეს.
ვოგან-უილიამსის თქმით, „პაპის პერსონის მიმართ უდიდესი ინტერესი განაპირობებს ფსონების არნახულ ზრდას, რომელსაც კიდევ უფრო აძლიერებს მედია-საშუალებებში ამ საკითხის ფართოდ გაშუქება და თავად პაპობის ინტიტუტის პოპულარობა“. საბუკმეიკერო კანტორების გარდა, ფსონების ფართო არჩევანია ისეთ კრიპტო-სავალუტო ვებ-საიტზე, როგორიცაა „პოლიმარკეტი“. ამ ამერიკულ ონალინ პლატფორმაზე, რომელიც აშშ-ს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, უკვე მიიღო 5,5 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ფსონი იმაზე, თუ ვინ გახდება შემდეგი პაპი. ვოგან-უილიამსის შეფასებით, ისეთი პლატფორმები, როგორიცაა „პოლიმარკეტი“, წარმოადგენენ „მნიშვნელოვან სიახლეს“, მეტი ფსონების მოზიდვისა და „გაურკვეველ რეგულაციურ გარემოში ზუსტი ნავიგაციის“ კუთხით.
კარდინალ პაროლინის პაპად არჩევის ალბათობა „პოლიმარკეტმა“ 28 პროცენტით შეაფასა, საიტის კომენტარების გრაფა კი ფავორიტების შანსებსა და კომპეტენციაზე მსჯელობით არის გადავსებული. „შემდეგი პაპი რელიგიურად უფრო კონსერვატიული იქნება, მაგრამ არც პროგრესულ სოციალურ იდეებზე იტყვის უარს“, - მიიჩნევს ერთი მომხმარებელი. „პაპად ტაგლე უნდა აირჩიონ“, - გაცილებით კატეგორიულია მეორე.
პაპი ფრანცისკე აღდგომის მეორე დღეს, 21 აპრილს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახლა კათოლიკურმა ეკლესიამ ახალი ხელმძღვანელი უნდა აირჩიოს. როგორ ტარდება პაპის არჩევნები - ე.წ „კონკლავი“? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას „ბავარიის რადიო“ (BR24) შეეცადა.
რა არის კონკლავი?
კონკლავი არის კარდინალთა კოლეგიის საიდუმლო შეკრება ახალი პაპის ასარჩევად. ტერმინი მომდინარეობს ლათინურიდან „cum clave“ („გასაღებით“) და იმას გულისხმობს, რომ პაპის არჩევის დროს, კარდინალები გარე სამყაროსგან იზოლირებულნი არიან. ამის მიზეზი სრულიად თავისუფალი გარემოს შექმნისა და არჩევანის აბსოლუტური გასაიდუმლოების სურვილში იმალება.
წარსულში კარდინალები, ფაქტობრივად, ჩაკეტილნი იყვნენ და გასაღები არ ჰქონდათ, გარეთ რომ ვერ გასულიყვნენ. დღეს ეს უფრო სიმბოლურია, მაგრამ მთავარი არსი იგივე რჩება: სრული განმარტოება და არჩევნებზე კონცენტრირება.
როგორ ირჩევენ პაპს?
მოკლედ პროცესდურის შესახებ: ხმის მიცემის უფლების მქონე კარდინალები სიქსტის სამლოცველოში ხმის მისაცემად და საიდუმლოების ფიცის დასადებად იკრიბებიან. სწორედ აქ ტარდება ხმის მიცემის პროცესი, რომელიც მკაცრად დადგენილ წესებს მიჰყვება:
- კენჭისყრა გასაიდუმლოებულია - თითოეული კარდინალი წერს მისთვის მისაღები კანდიდატის სახელს ბიულეტენზე და კეცავს მას. ბიულეტენები სათითაოდ იყრება საარჩევნო ყუთში და შემდეგ მათ საჯაროდ ითვლის სამი კარდინალი, რომლებსაც ეს ფუნქცია დაეკისრათ.
- არჩევისთვის აუცილებელია, რომ კანდიდატმა, მინიმუმ, ხმების ორი მესამედი მიიღოს.
- არჩევის გრაფიკი: პირველ დღეს ტარდება ერთი საარჩევნო ტური, მომდევნო დღეებში - ოთხი: ორი დილით, ორი - შუადღისას. კენჭისყრებს შორის არის მსჯელობა, ლოცვა და დისკუსია, მაგრამ ოფიციალური საარჩევნო გამოსვლები არ ხდება.
- არჩევნების ყოველი ტურის შემდეგ, ბიულეტენის ფურცლები იწვება. კვამლის ფერით გარე სამყაროს არსებული მდგომარეობა ეცნობება: შავი კვამლი ნიშნავს, რომ „პაპი ჯერ არ არის არჩეული“, თეთრი კვამლი კი იმის მაუწყებელია, რომ „პაპი აირჩიეს“.
- როგორც კი კანდიდატი მიიღებს ხმების საჭირო უმრავლესობას, მას ეკითხებიან: „მისაღებია თუ არა თქვენთვის ეს არჩევანი?“. დადებითი პასუხის შემთხვევაში, გამარჯვებული ირჩევს თავის ახალ სახელს - როგორიცაა, მაგალითად, ფრანცისკე, ბენედიქტე ან იოანე პავლე - და იმ მომენტიდან არჩეულ პაპად მიიჩნევა.
- ამის შემდეგ, ახალი პაპი გამოდის წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე და მთელი კათოლიკური სამყაროს გასაგონად, ამბობს: „Habemus Papam!“ („"ჩვენ გვყავს პაპი!“).
დრო პაპის გარდაცვალებიდან კონკლავის ჩატარებამდე
პაპის გარდაცვალების შემდეგ კონკლავის დაწყებას დაახლოებით ორიდან სამ კვირამდე სჭირდება. საეკლესიო სამართლის თანახმად, ეს შეიძლება მოხდეს სიკვდილის თარიღიდან არაუადრეს მე-15 დღეს (ამ შემთხვევაში, 2025 წლის 6 მაისი) და არაუგვიანეს მე-20 დღეს (2025 წლის 11 მაისი). ამ დროისთვის გარდაცვლილი პაპი უკვე დაკრძალული იქნება, ხოლო კარდინალები მთელი მსოფლიოდან რომში იქნებიან ჩამოსულნი.
რომელი კარდინალები არიან უფლებამოსილნი, აირჩიონ პაპი?
მხოლოდ 80 წლამდე ასაკის კარდინალებს შეუძლიათ კონკლავში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ 1975 წლიდან საეკლესიო სამართალი ახალი პაპის არჩევნებში მხოლოდ 120 ხმის უფლების მქონე კარდინალის მონაწილეობას ითვალისწინებს, ამ რაოდენობას წარსულში არაერთხელ გადააჭარბეს. თავისი პონტიფიკატის დროს, პაპმა ფრანცისკემ მრავალი კარდინალი დანიშნა, რის შედეგად ხმის უფლების მქონეთა რაოდენობა ამჟამად 135-ია.
ფრანცისკეს მემკვიდრის არჩევაში გერმანიიდან სამი კარდინალი მიიღებს მონაწილეობას: რაინჰარდ მარკი (მიუნხენის და ფრაისინგის არქიეპისკოპოსი), რაინერ მარია ვოლკი (კიოლნის არქიეპისკოპოსი) და გერჰარდ ლუდვიგ მიულერი (რეგენსბურგის ყოფილ იეპისკოპოსი და ამჟამად სამოციქულო სიგნატურის უმაღლესი ტრიბუნალის მოსამართლე).
სად იმყოფებიან კარდინალები?
კონკლავის დროს, კარდინალები ორ ადგილას იმყოფებიან:
პირველი არის სანტა მარტას სასტუმრო, სადაც ისინი ცხოვრობენ - თითოეული საკუთარ, პერსონალურ ოთახში. ეს თანამედროვე სასტუმრო პაპმა იოანე პავლე II-მ ააშენა, რათა კონკლავის დროს კარდინალები სათანადოდ და იზოლირებულად დაებინავებინა. 2013 წელს არჩევის შემდეგ, პაპმა ფრანცისკემ სამოციქულო სასახლეში არ გადაინაცვლა, როგორც ეს აქამდე იყო მიღებული. ის საცხოვრებლად სანტა მარტაში დარჩა. მეორე ადგილია სიქსტის სამლოცველო: სწორედ აქ ტარდება არჩევნების პროცესი. კონკლავის პერიოდში სამლოცველო ტექნიკურად დაცულია (მაგ. მოსმენის მოწყობილობებისგან) და იქ შესვლისას, თავისი ელექტრონული მოწყობილობები პაპის არჩევის ყველა მონაწილემ უნდა ჩააბაროს.
სანტა მარტასა და სამლოცველოს შორის გზები ჩაკეტილია და არავის შეუძლია ტერიტორიის დატოვება, სანამ ახალი პაპი არ აირჩევა.
როდის ჩატარდა ბოლოს კონკლავი?
კონკლავი ბოლოს 2013 წლის მარტში გაიმართა. მაშინ პაპი ბენედიქტ XVI გადადგა და ახალ პაპად არგენტინელი კარდინალი, ხორხე მარიო ბერგოლიო (ფრანცისკე) აირჩიეს. მის არჩევას ორი დღე და არჩევნების ხუთი ტური დასჭირდა.
რამდენ ხანს გრძელდება კონკლავი?
დროის ფიქსირებული ლიმიტი არ არსებობს - კონკლავი მთავრდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ახალ პაპს აირჩევენ. ადრე პაპის არჩევას თვეები სჭირდებოდა; დღესდღეობით პროცედურა, როგორც წესი, მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდება.
რას ნიშნავს კვამლის სიგნალები?
სიქსტის სამლოცველოს საკვამურიდან ამოსული შავი ან თეთრი კვამლი მიუთითებს, თუ როგორ მიმდინარეობს არჩევნები. თუ შავი ფერის კვამლი ამოდის, პაპი ჯერ არ აურჩევიათ - ანუ, კარდინალები ჯერ არ შეთანხმებულან. თეთრი კვამლი კი ნიშნავს, არჩევანი გაკეთებულია და ახალი პაპი არჩეულია („Habemus Papam“).
კვამლის ფერი წარმოიქმნება ბიულეტენების დაწვისას დამატებული ნივთიერებებით: ქიმიკატების შერევა უზრუნველყოფს, რომ კვამლი შავი ან თეთრი იყოს.
რამდენად საიდუმლოა კონკლავი?
პაპის არჩევნები საზოგადოებისგან იზოლირებულად ტარდება. კარდინალები ფიცს დებენ მკაცრი კონფიდენციალურობის შესახებ. ნებისმიერი გარე კონტაქტი აკრძალულია და საარჩევნო ოთახები ტექნიკურად დაცულია მოსმენისგან. საიდუმლოს დარღვევის შემთხვევაში, ამას სერიოზული საეკლესიო სამართლებრივი შედეგები მოჰყვება.
როგორც პაპი ბენედიქტე XVI, ასევე პაპი ფრანცისკე იცავდნენ ოფიციალურ საიდუმლოებას, მაგრამ პაპობის პერიოდში, პირად შთაბეჭდილებებსა და მოსაზრებებს საჯაროდ ხანდახან მაინც გამოთქვამდნენ.
წყარო: 1tv.ge