საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი EQAR-ის რეგისტრაციის შეწყვეტის შემდეგ, ENQA-მ ორი წლით დაკვირვების ქვეშ მყოფი სააგენტოების ჩამონათვალში გადაიყვანა.

განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე ამბობს, რომ EQAR-ის და ENQA-ს გადაწყვეტილებების შედეგად რეპუტაციული ზიანი მივიღეთ. ამის მიღმა ის რაიმე პრაქტიკულ შედეგებზე ვერ საუბრობს.

"რეპუტაციული ზიანი მივიღეთ. პრაქტიკაში და იქიდან გამომდინარე, რომ ENQA-ს სრულფასოვან წევრებად ვრჩებით, რაიმე კონკრეტულ ზიანზე ასე ცალკე ვერ ვისაუბრებ. თუმცა, როდესაც რეპუტაციულ ზიანზე ვსაუბრობთ, უმაღლეს განათლებაში ზოგადად პარტნიორები ყოველთვის უყურებენ რა ორგანიზაციაა, სადაა რეგისტრირებული და ბევრად მარტივია, როდესაც ერთი სივრცის წევრები ხართ. ამ მხრივ დამაზიანებელია",- ამბობს თამარ სანიკიძე.

მისივე თქმით, ცენტრის მხრიდან EQAR-ის გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, რაც სწორად მიაჩნია, რადგან უმჯობესი ჰგონია ვაჩვენოთ გასწორებული ხარვეზების პრაქტიკაში შესრულება. მისივე თქმით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან გარკვეული ხარვეზები უკვე გამოსწორებულია.

"EQAR-ის რეესტრში ხარისხის ეროვნული ცენტრი აღარ არის, თუმცა EQAR-ს ცალკე არ განვიხილავ, რადგან EQAR-ის და ENQA-ს წევრი რეალურად ერთი შეფასებით გავხდით, რადგან ურთიერთაღიარების გარკვეული მექანიზმი აქვთ. დღეს უკვე გვაქვს პასუხი ENQA-დან, რომ 2-წლიან დაკვირვების რეჟიმში გადაგვიყვანეს. ეს არ არის ცუდი, იმიტომ რომ ჩვენ სრულფასოვნად წევრობა შევინარჩუნეთ იქ. ეს ორი წელი არის პერიოდი, როდესაც ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას, შეფასდეს და დავბრუნდეთ EQAR-ის რეესტრშიც და დავუბრუნოთ ის სტატუსი ENQA-ში, რომელიც თავდაპირველად გვქონდა. დაახლოებით ასეთ პროცესში ვართ ახლა.

რაც ჩემთვის ცნობილია, ის საკვანძო საკითხები, რის გამოც ამაზე [დამოუკიდებლობაზე] კითხვის ნიშანი დაისვა, კანონის დონეზე არის გასწორებული. ვგულისხმობ იმას, რომ ცენტის დირექტორი ამავდროულად არ შეიძლება იყოს პოლიტიკური თანამდებობის პირი. ეს გასწორდა, მაგრამ EQAR-ის რეკომენდაციებში სხვა საკითხებიც იყო, იგივე აკრედიტაციის და ავტორიზაციის საბჭოებთან დაკავშირებული, რომელიც უკავშირდებოდა მათში უნივერსიტეტების რექტორების მონაწილეობას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს საკითხიც გადაჭრილია. თუმცა, ჩამონათვალში კიდევ იყო რამდენიმე პუნქტი, რომელიც ვფიქრობ, რომ შინაარსის დასახვეწად, საჭიროა რომ მოგვარდეს. ამიტომ, ეს მთელი პაკეტი რომ მოწესრიგდება, უმჯობესია, რომ მოითხოვონ ფოკუსირებული შეფასება. არ ვფიქრობ, რომ გასაჩივრება გამოსავალი იქნებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის რაც გამოასწორეს, ბოლომდე მიიყვანონ და ყველა პუნქტს უნდა ძალიან კარგად უპასუხონ და შემდეგ, ფოკუსირებული შეფასების ფარგლებში აჩვენონ პროგრესი",- ამბობს განათლების ყოფილი მინისტრი.

უმაღლესი განათლების ექსპერტიც, ქეთი ცოტნიაშვილიც იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ქვეყანა ENQA-სა და EQAR-ის წევრობის დაკარგვით  მნიშვნელოვნად ზარალდება.

ექსპერტი რეპუტაციული ზიანის მიღმა, ყურადღებას საქართველოში მიღებული განათლების ევროპაში აღიარების საკითხზე ამახვილებს, რაზეც მისივე თქმით, EQAR-ის რეგისტრაციიდან ამოღება მნიშვნელოვნად იმოქმედებს.

"ორივე ორგანიზაციის წევრობა ძალიან მნიშვნელოვანია, EQAR-ის რეესტრიდან ამოღება და ასოციაციის წევრობაში უკვე კითხვის ნიშნების შეტანა და დაკვირვების ქვეშ სტატუსის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის. პირველ რიგში, ეს ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანია საქართველოს უმაღლესი განათლების სივრცისთვის, რასაც შეიძლება დღეს ვერ ვხედავთ, მაგრამ ეს აუცილებლად გამოჩნდება და აისახება შემდეგ პარტნიორობებში, თან თუ დამატებით გავითვალისწინებთ იმ პოლიტიკურ კონტექსტს და თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიც დღეს მმართველ პარტიას აქვს. ასევე, ხშირად კითხვები ისმება, არის თუ არა ეს აღიარებასთან დაკავშირებული. EQAR-ის წევრობა პირდაპირ და ცალსახადაა დაკავშირებული აღიარების პროცესის გამარტივებასთან, ეს ასახულია როგორც EQAR-ის, ისე განათლების ხარისხის ვებგვერდზე, როდესაც მათ მიიღეს EQAR-ის წევრობა და წერდნენ, რომ ეს გაამარტივებს აღიარების პროცესს. როდესაც საქართველოში კურსდამთავრებულს სჭირდება განათლების მიღების გაგრძელება ან მუშაობა ევროპის ქვეყნებში, მან უნდა მიმართოს იქაურ სააგენტოებს, რომლებმაც უნდა უღიარონ აქ მიღებული კვალიფიკაცია. ისინი უყურებენ, რამდენად სანდოა ხარისხი, რომელიც ამ ქვეყანაში მიიღწევა და EQAR-ის წევრობა სწორედ ამ ხარისხის სანდოობის მაჩვენებელია. შესაბამისად, როდესაც ქვეყანა არაა EQAR-ის წევრი, ნიშნავს, რომ დამატებით უნდა გადაამოწმონ პროგრამა, რომელიც გაიარე, შესაძლებელია მოითხოვონ სილაბუსები და თან, ეს მარტო იმას არ ეხება, რომ შემოწმება პროცედურულად იქნება ხანგრძლივი პროცესი, ის რომ ქვეყანა არღვევს იმ სტანდარტებს, რომელიც მოითხოვება ნიშნავს, რომ ქვეყნის შიგნითაც ხარისხის შეფასება ობიექტური და გამჭვირვალე აღარაა",- ამბობს განათლების ექსპერტი.

შეგახსენებთ, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) აპრილის გადაწყვეტილებით, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი დაკვირვების ქვეშ მყოფი სააგენტოს კატეგორიაში (member under review) გადავიდა, სადაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში იქნება. ასოციაციის ბორდი გადაწყვეტილების მიზეზებს შორის იმას ასახელებს, რომ ცენტრი ვერ აკმაყოფილებს წევრობისთვის მოთხოვნილ კრიტერიუმებს, კერძოდ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ სტანდარტებს. ის სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ცენტრის ორგანიზაციული და ოპერატიული დამოუკიდებლობის საკითხზე.

ამასთან, ცენტრს შეუწყდა EQAR-ში რეგისტრაცია, რაც ევროპის ქვეყნების განათლების სისტემებს შორის ხარისხის ნდობის და მიღებული განათლების აღიარების გამარტივების წინაპირობაა. როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გასულ წელს აცხადებდნენ, რეგისტრაციის შეჩერებაზე EQAR-ის გადაწყვეტილება გასაჩივრდებოდა, თუმცა, როგორც მიმდინარე წელს BM.GE-მ გაარკვია, ცენტრს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.

წყარო: bm.ge