აღდგომის შემდეგ მომდევნო კვირას თომას კვირა ეწოდება, რომელსაც, ასევე, კვირაცხოვლობას უწოდებენ, რაც  არის აღდგომის განახლება. აღდგომის შემდეგ კვირას ახალკვირასაც უწოდებენ.

ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირიაკე (კვირა დღე) აღდგომის დღესასწაულია, სწორედ ამიტომ იკრიბებიან ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე. ძველი ქრისტიანები ყოველ კვირა დღეს ერთმანეთს სააღდგომო მისალმებით ხვდებოდნენ: „ქრისტე აღსდგა!“ – „ჭეშმარიტად!“

„რომ იარსებო“… – ასეთი განწყობაა თბილისის აგრარულ ბაზრებში აღდგომის დღესასწაულის წინ. მოქალაქეები გაძვირებულ ცხოვრებასა და პროდუქტების ფასებთან შედარებით შეუსაბამო შრომით ანაზღაურებაზე საუბრობენ.

პასქა, კვერცხი, ჩაქაფული – ეს ისაა, რაც საქართველოში სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილია, თუმცა მოვაჭრეთა შეფასებით, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბევრისთვის ეს ყველაფერი ფუფუნებაა.

ყოველთვიური ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი დაბალ ნიშნულზეა, მაგრამ მოვაჭრეები და მყიდველები ერთმანეთში თანხმდებიან, რომ მოქალაქეთა უმეტესობის ფინანსური შესაძლებლობა და დახლებზე ასახული რიცხვები სტატისტიკურ მონაცემებთან თანხვედრაში არ არის.

„ხორცი ვიყიდეთ იაფად და მწვანილი ჯდებოდა ძალიან ძვირი, მაგრამ, რას იზამ? ისეთი დღეა აღდგომა, რომ არ იყიდო, არ შეიძლება. ზოგი სესხულობს, ზოგს აქვს, ზოგს არ აქვს, მაგრამ ძალიან ძვირია ბაზარი. არ ვიცი, რით გააქვს ამ ხალხს თავი. ძალიან ბევრი გაჭირვებულია“, – ამბობს მოქალაქე.

მაღალ ფასებსა და მათი ზრდის ტენდენციაზე საუბრისას მოსახლეობის დიდი ნაწილი რამდენიმე მიზეზზე მიუთითებს, ნაწილისთვის ეს მიზეზი პოლიტიკური მდგომარეობაა, ნაწილისთვის არასაკმარისად განვითარებული სოფლის მეურნეობა, ზოგისთვის კი ქვეყნის იმპორტულ პროდუქციაზე დამოკიდებულება.

მიზეზთა მრავალფეროვნების მიუხედავად, აგრარულ ბაზრებში სააღდგომო საყიდლებზე სავაჭროდ მისულ მოქალაქეებს საერთო პრობლემა და კითხვა აქვთ – საკმარისია თუ არა მათი შემოსავალი სააღდგომო სუფრისთვის.

პასქას ტრადიციულად უწოდებენ სახლში დამზადებულ სააღდგომო პურს, რომელიც დიდი მარხვის დასრულებისას ცხვება.

პროფესიონალების განმარტებით, პასქა ხაჭოსგან დამზადებული დესერტის სახელწოდებაა, გამომცხვარ ვერსიას კი კულიჩი ან პანეტონე ეწოდება. თანამედროვე სახით პასქა მე-19 საუკუნიდან არსებობს. თუმცა, მას შემდეგ პასქის მომზადების წესმა და ვიზუალურმა მხარემ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა.

აღდგომამდე რამდენიმე კვირით ადრე სავაჭრო დახლები სხვადასხვა სახეობის, ფორმისა და  ზომის პასქებით ივსება. ტრადიციული, ქიშმიშითა თუ ცუკატით გაფორმებული პასქების გვერდით, კაკლის მურაბით, შოკოლადით, ნუშით, ფსტითა თუ სხვა ნუგბარით მორთულ სადღესასწაულო ვერსიებსაც ხშირად შეხვდებით. ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება ფასიც.

მაკა ჯიბუტი პასქას წლების განმავლობაში ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტით ამზადებს.

„შემოვიტანეთ თუშური ერბო და დავიწყეთ სატესტოდ ერთი, მეორე, მესამე მცდელობა.. მე თვითონაც დიდ სიამოვნებას ვიღებდი ამ პროცესით. აი, დღეს რომ გამოვაცხობ, სიტყვაზე, ახალ ცხობას, ჯერ არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. უნდა დააცადო ერთი დღე, არც უნდა გაჭრა და მერე მეორე, მესამე დღეს ისეთ გემრიელია და ისეთ თვისებებს იძენს, რომ გემოვნურ თვისებებს უნახავს, არ უკარგავს”, – ამბობს მაკა ჯიბუტი რესტორან „ბარბარესთან“ დამფუძნებელი და დირექტორი.

მწერალი და საზოგადო მოღვაწე ბარბარე ჯორჯაძე 1833 წელს დაიბადა. ლიტერატურული და პუბლიცისტური საქმიანობის პარალელურად ის პირველი ქართული კულინარიული წიგნის „სრული სამზარეულოს“ ავტორიცაა.

„საოცარი ქალი იყო კნეინა ბარბარე. გაფრთხილებს, რომ აი „ფეჩი“ ასე გაახურე, ფრთხილად გაიარე, წინასწარ მოემზადე. ხასიათითა და დამოკიდებულებით ეს იყო მისთვის ძალიან ძვირფასი. ბარბარეს აქვს სინთეზი ევროპული გამოცდილებისა ქართულ კულინარიასთან. ჩვენც შემოვიტანეთ ახლა, ისიც ბარბარეს რეცეპტიდან ინგლისური კრემით პასქა და დღეს სიახლეს ვთავაზობთ უკვე ჩვენს სტუმრებს. სიახლეებიც კარგია, უბრალოდ ეს ყველაფერი რაღაც სტანდარტსა და ზომაში უნდა იყოს, თან ჩვენთვის მისაღები და არ უნდა იყოს საერთო კონცეფციიდან ამოვარდნილი”, – ამბობს მაკა ჯიბუტი.

სააღდგომო თემატიკით მორთული ხისა და თიხის კვერცხები, კერამიკის თეფშები, ქართული ტრადიციით დამზადებული ტექსტილის ნივთები და ხელნაკეთი სხვა აქსესუარები – მსგავსი სააღდგომო ხელნაკეთი სუვენირები და აქსესუარები საქართველოში უფრო პოპულარული ხდება.

სააღდგომო თემატიკის აქსესუარებსა და დეკორაციებს ამზადებს თამთა ხარძიანიც. თამთამ ხელნაკეთი ნივთების დამზადება პირველად 9 წლის წინ დაიწყო. მის ნამუშევრებზე მოთხოვნა განსაკუთრებით დღესასწაულების წინ იზრდება.

სააღდგომო დეკორაციები მრავლადაა თავმოყრილი სოციალურ მაღაზია „ეთნოდიზაინში”, რომელიც „საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციამ“ დააარსა. მაღაზია სხვადასხვა ტრადიციული ხელობით დაკავებულ 350-მდე ოსტატს აერთიანებს.

„საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის“ მიზანია, რეგიონებში მცხოვრებ ოსტატებს ხელნაკეთი პროდუქტის რეალიზაციაში დაეხმარონ.

ასოციაციაში ამბობენ, რომ ტრადიციული ქართული მრეწველობის შენარჩუნების მიზნით დღესასწაულებზე მსგავსი გამოფენებისა და ბაზრობების მოწყობა მნიშვნელოვანია. თუმცა დაფინანსების გარეშე ასეთი ღონისძიებების ორგანიზება რთულდება, რაც მრეწველობისა და ტრადიციული დარგების განვითარებაზე უარყოფითად ისახება.

„საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციაში“ ამბობენ, რომ ახლა ხალხი უფრო ხშირად ყიდულობს საჩუქრებსა თუ სხვადასხვა დეკორაციულ ნივთს სააღდგომოდ, ეს კი ადგილობრივ მეწარმეებზე დადებითად აისახება.

წყარო: euronews georgia,"ევრონიუს ჯორჯია"