მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები, მსვლელობით საქართველოს პროკურატურის მიმართულებით მიდიან.
აქციის მონაწილეები მეტროსადგურთან 14:00 საათზე შეიკრიბნენ და აქცია/მსვლელობას მართავენ, სლოგანით - "თავისუფლების მსვლელობა - პროტესტის 150-ე დღე".
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით: "გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს".
აქციის მონაწილეებს შორის, ასევე არიან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები, რომლებიც ადგილზე ბრალდებული პირების ფოტოებით არიან წარმოდგენილი.
აქციაში მონაწილეობას სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრები და მხარდამჭერებიც იღებენ, ასევე ადგილზე იმყოფებიან მსახიობებიც.
აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "ბოლომდე", "საქართველოს გაუმარჯოს".
ასევე, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაც.
"თავისუფლების მსვლელობა - პროტესტის 150 დღე!" დიდუბის მეტროსადგურიდან თბილისის პროკურატურის მიმართულებით საპროტესტო მარში იმართება. წინა აქციებისგან განსხვავებით, როდესაც პროტესტის მონაწილეები ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ამჯერად მთავარი მოთხოვნად უკვე ხელისუფლების გადადგომა იქცა.
"ჩვენ ვიქცევით ნორმალურად, ისინი იქცევიან არანორმალურად, ხალხის ჯინაზე იქცევიან. ყველა პროტესტში მივიღებ მონაწილეობას, არ დასრულდება ეს პროტესტი. ადგილობრივ არჩევნებს ესენი ვერ ჩაატარებენ, არც იმისა, რომ პატიმრები გამოუშვან იმის ვაჭრობით, რომ არჩევნები ჩავატარებინოთ. სხვა გეგმებიც განხორციელდება, იმიტომ რომ მოვიდა ჩვენი გაზაფხული და მაგთთვის მოვა ჭექა-ქუხილი." - აცხადებს პოლიტპატიმარ თორნიკე გოშაძის დედა მარიზი კობახიძე.
"5 თვის თავზე ჩვენ ვითხოვთ, რომ ოცნების მთავრობა გადადგეს. ღარიბაშვილს გაყვეს "ოცნების" ყველა წარმომადგენელი,"- აცხადებენ პოლიტპატიმარ არჩილ მუსელიანის ოჯახის წევრები.
წყარო: ipn.ge mtavari.tv