თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-მა კანადური პროდუქციის ფართო სპექტრზე 50-პროცენტიანი ტარიფი დააწესა. მათივე ცნობით, ეს ნაბიჯი კანადის მიერ აშშ-ის ავტომობილების, ალკოჰოლისა და რძის პროდუქტების მიმართ „დისკრიმინაციული მოპყრობის“ საპასუხოდ ხდება.

„პრეზიდენტი ტრამპი ზომებს იღებს, რათა კანადამ პასუხი აგოს აშშ-ის კომერციის მიმართ დისკრიმინაციის, არაგონივრული და არათანაბარი მოპყრობისთვის, რაც შრომისმოყვარე ამერიკელებს ტვირთად დააწვა და ისინი არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააგდო“, – ნათქვამია განცხადებაში.

თეთრი სახლის ცნობით, ტარიფები არაერთ პროდუქტს მოიცავს, რომელთა შორისაა ტექნიკა, ღვინო, ჰოკეის ჯოხები, ცემენტი და მრავალი სხვა. როგორც ცნობილია, ტარიფები 30 დღეში შევა ძალაში.

აღსანიშნავია, რომ კანადაში მომხდარმა ტყის ხანძრებმა ოტავასა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა გაზარდა. ტყის ხანძრით გამოწვეულმა კვამლმა, კანადის გარდა, აშშ-ის ქალაქები, მათ შორის ნიუ იორკი და ვაშინგტონი მოიცვა. დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კანადამ ონტარიოს ხანძრების კონტროლს უკეთ უნდა გაართვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ კანადურ საქონელზე ტარიფებს გაზრდის.