ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) პასუხისმგებლობა აიღო ბაჰრეინში ამერიკული კომპანიის, Amazon-ის, მონაცემთა ცენტრის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე. ინფორმაციას AzerNEWS ავრცელებს.

IRGC-ის განცხადების მიხედვით, თავდასხმა განხორციელდა საპასუხოდ აშშ-ის მიერ ირანის დარხოვინის ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებულ ბოლო ავიაიერიშებზე. ირანი აღნიშნულ ობიექტს არამხედრო დანიშნულების ინფრასტრუქტურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ის მშენებლობის პროცესში იმყოფებოდა.

„აშშ-ის შეიარაღებული ძალების მიერ დარხოვინის ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებული საჰაერო დარტყმების საპასუხოდ, ბაჰრეინში ამერიკული კომპანია Amazon-ის მონაცემთა ცენტრის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა განხორციელდა და ის განადგურდა“, — ნათქვამია IRGC-ის განცხადებაში.

ირანის მხარის ინფორმაციით, ოპერაციის დროს რამდენიმე ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს. აღნიშნულ ინფორმაციას ამ ეტაპზე დამოუკიდებელი წყაროები არ ადასტურებენ. ბაჰრეინის ხელისუფლებას და Amazon-ს თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ცნობებზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მანამდე ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანი აშშ-ის მიერ განხორციელებული სერიის დარტყმების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანა „სრულმასშტაბიანი ომის“ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ რეგიონული შუამავლების — კატარის, ეგვიპტის, პაკისტანისა და სხვა ქვეყნების — მონაწილეობით აშშ-სა და ირანს შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა გაჩნდა, რომლის მიზანიც ესკალაციის შეჩერება და ჰორმუზის სრუტის ოპერირების აღდგენა იყო.