სირიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ტომ ბარაკი აცხადებს, რომ სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონს ეწვევა.
როგორც ბარაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ის იმედი აქვს, რომ ვიზიტის ფარგლებში სირია შეუერთდება აშშ-ის ხელმძღვანელობით კოალიციას „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად.
სირიის პრეზიდენტის რანგში ეს შარაას მეორე ვიზიტი იქნება შეერთებულ შტატებში, მას შემდეგ რაც, ის სექტემბერში ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე იმყოფებოდა.
როგორც მედია წერს, გასული წლის დეკემბერში ბაშარ ალ-ასადისგან ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, შარაამ რამდენიმე საერთაშორისო ვიზიტი განახორციელა, რადგან მისი გარდამავალი მთავრობა ცდილობს, კავშირების აღდგენას პარტნიორებთან, რომლებიც ასადის მმართველობის დროს ოფიციალურ დამასკოსთან ურთიერთობას ერიდებოდნენ.
ცნობისთვის, 2014-2017 წლებში „ისლამური სახელმწიფო“ სირიისა და ერაყის დაახლოებით მესამედს აკონტროლებდა. აშშ-ის ხელმძღვანელობით კოალიციამ და მისმა ადგილობრივმა პარტნიორებმა ექსტრემისტები მათი ბოლო დასაყრდენიდან 2019 წელს განდევნეს. სირიაში ბაშარ ასადის 24-წლიანი მმართველობა 2024 წლის დეკემბერში დასრულდა. 2025 წლის 30 იანვარს სირიის დე ფაქტო ლიდერი აჰმედ ალ-შარაა ქვეყნის პრეზიდენტი გახდა და თანამდებობა „გარდამავალი პერიოდის“ განმავლობაში დაიკავა.