ლიეტუვაში რეგისტრირებულმა ონლაინ ბანკმა Revolut-მა თავისი რუსი კლიენტებისთვის, რომლებსაც არ აქვთ დროებითი ბინადრობის ნებართვა ან ევროკავშირის მოქალაქეობა, დაიწყო ანგარიშების დახურვის შესახებ შეტყობინების გაგზავნა.
ბანკი ამის მიზეზად უკრაინაში ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ ცოტა ხნის წინ დამტკიცებული სანქციების მე-19 პაკეტს ასახელებს.
ადრე, Revolut-ი ანგარიშების გახსნის უფლებას აძლევდა რუსეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ჰქონდათ ევროპაში ბინადრობის ნებართვა ან გრძელვადიანი - D კატეგორიის ვიზა.
1 ნოემბრის საღამოს, მომხმარებლებმა, რომლებმაც D კატეგორიის ვიზით გახსნეს ანგარიშები, ორი წერილი მიიღეს. პირველში მათგან მოითხოვდნენ ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოში, ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) ქვეყანაში ან შვეიცარიაში მოქმედი დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის ასლის, ან ევროპული პასპორტის ფლობის დამადასტურებელი საბუთის ატვირთვას სისტემაში.

მეორე წერილში ნათქვამი იყო, რომ კლიენტთან ხელშეკრულება წლის ბოლოს შეწყდებოდა.
2025 წლის 31 დეკემბრამდე მომხმარებლებს ეკრძალებათ თანხის შეტანა, ბარათით გადახდა, ბანკომატიდან ნაღდი ფულის გამოტანა ან თანხის გადარიცხვა Revolut-ის სხვა ანგარიშებზე.

Mediazona-ს ცნობით, ბანკის კლიენტებმა, რომლებსაც ანგარიშები დაებლოკათ, განაცხადეს, რომ ბანკის მომხმარებელთა დახმარების სამსახურებიდან ვერანაირ პასუხს ვერ იღებენ.

radiotavisupleba.ge