ცოტა ხნის წინ ილონ მასკის ამბიციური პროექტის შესახებ გავიგეთ, რომელიც AI ენციკლოპედიის გამოშვებას გულისხმობდა, ახლა კი ეს ამბავი რეალობად იქცა. Wikipedia-ს მეტოქე Grokipedia უკვე თავად შეგიძლიათ, გამოცადოთ. xAI-ის მიერ შექმნილი პლატფორმა 885 000-ზე მეტ სტატიას აერთიანებს და იმისთვისაა შექმნილი, რომ მომხმარებლებს სანდო და დამოუკიდებელი ალტერნატივა შესთავაზოს. ამ უკანასკნელს ხაზგასმით ამბობენ, რადგან მასკი ვიკიპედიას ყოველთვის მიკერძოებულ პლატფორმად აღწერდა…

თუმცა Grokipedia-ს ჩაშვებამ გუშინ ისე ვერ ჩაიარა, როგორც დაგეგმილი ჰქონდათ — მაღალი ტრაფიკის გამო საიტი გაითიშა, თუმცა ამ მომენტისთვის პრობლემა მოგვარებულია. 

ძირითადად გროკიპედია ვიკიპედიისგან განსხვავებულად მუშაობს, ადამიან რედაქტორებს კი არ ეყრდნობა, არამედ xAI-ის ჩეტბოტ Grok-ს მიმართავს სტატიების გენერირებისა და შენარჩუნებისთვის. AI-ის ჩართვა ამ პროცესში კი იმას ნიშნავს, რომ კონტენტი უფრო სწრაფად განახლდება და მეტად თანმიმდევრულ სარედაქციო ტონსაც უზრუნველყოფს. 

 

მიუხედავად ამისა, ზოგი ამბობს, რომ Grokipedia-ს სტატიები ძალიან ჰგავს Wikipedia-ს სტატიებს, თანაც ციტირების ფორმატის გარეშეა, რამაც გამჭვირვალობასა და ორიგინალურობაზე კითხვები შეიძლება, წარმოშვას… 

მართალია, Grokipedia-ს მიღმა არსებული ტექნოლოგია ახლა დიდ ყურადღებას იპყრობს, მაგრამ, მეორე მხრივ, იდეოლოგიური ჩარჩო და მასკის ხმამაღალი პოზიციები მას კულტურული ომის ფრონტად აქცევს. ამიტომ, დრო გვაჩვენებს, პლატფორმა რეალურად გახდება პოპულარული თუ მასკის მედიაბრძოლების კიდევ ერთ ფრონტად დარჩება…

marketer.ge