ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსეთის მხრიდან ბალტიის ქვეყნებში ბლოკირებული ნავსადგურები და სატრანზიტო დერეფნები საქართველოსთვის კონტრასტული შედარების მაგალითია იმისა, თუ როგორ ცდილობენ ბალტიის ქვეყნები გაარღვიონ და თავი დააღწიონ სატრანსპორტო სფეროში რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას.


ბალტიის ქვეყნების ნავსადგურების 2024-2025 წლების სტატისტიკა ტვირთნაკადების რუსეთის ნაცვლად ევროპულ ბაზარზე წარმატებულ ჩანაცვლებაზე მიუთითებს.

ბალტიის ქვეყნების ნავსადგურები არა მხოლოდ გადარჩნენ, არამედ ევროპულ ჰაბებზე ფოკუსირებით ტვირთბრუნვაც გაზარდეს, რითაც საბოლოოდ უფრო ღრმად ინტეგრირებულები აღმოჩნდნენ ევროპის ეკონომიკაში.

2022 წლის საომარი დაპირისპირების შემდგომ, რეგიონში ტექტონიკური ძვრების შედეგად, ბალტიის ქვეყნების ნავსადგურებიდან პრაქტიკულად გაქრა რუსული და ბელორუსული ტრანზიტი.


აღნიშნული ტენდენციის ფონზე, ევროპულ ლოგისტიკურ წრეებში ბუნებრივად გაჩნდა კითხვა – როგორც საკუთარ, ასევე ბალტიის ქვეყნების ნავსადგურებში, როგორ უნდა შეევსოთ ტვირთების ვარდნით წარმოქმნილი ფინანსური დანაკარგები?


სადღეისოდ პასუხი აშკარაა – ტვირთების სავარაუდო კლება  ბალტიის ქვეყნების ნავსადგურებში საკონტეინერო ნაკადების დივერსიფიცირებულმა გადაზიდვებმა დააბალანსა.


რუსეთ-ბელორუსიაზე გამავალი სატრანზიტო დერეფნი, ევროპულ ჰაბებზე, რეგიონულ წარმოებასა და ახალ ინტერმოდალურ მარშრუტებზე დაფუძნებული მოქნილი ლოგისტიკური ხაზებით ჩანაცვლდა.

ბალტიის ქვეყნებში რუსეთის გამქრალი ტრანზიტი არა ერთი, არამედ ოთხი ევროპული ნაკადით ჩანაცვლდა, რომლებმაც ანალიტიკოსების მოსაზრებით, ერთად აღებულმა, არა მხოლოდ ბალტიის ნავსადგურებში, დაკარგული რუსეთის ტრანზიტის ფინანსური დანაკარგები აანაზღაურეს, არამედ ტვირთების გადამუშავების ახალ, რეკორდულ ნიშნულებამდეც მიიყვანეს.


ბალტიის ქვეყნების ნავსადგურებისთვის ერთ-ერთ ასეთ დამაბალანსებელ საკონტეინერო ნაკადს შიდაევროპული ფიდერული საზღვაო ხაზები წარმოადგენს, რომელსაც ტვირთების მომარაგების მიმართულებით „სკანდინავიურ-ჰოლანდიური“ გაძლიერებული ხაზი (როტერდამი – კოტკა – ტალინი/რიგა/კლაიპედა) დაემატა.

2024 წელს კონტეინერმზიდმა X-Press Godavari-მ HHLA TK Estonia-ს ტერმინალის მიმართულებით რეგულარული გადაზიდვები დაიწყო. დღესდღეობით მსოფლიოში უდიდესი კონტეინერმზიდი ოპერატორი X-Press Feeders როტერდამი – ანტვერპენი – ვუოსაარი – მუუგა – კოტკა – როტერდამის მიმართულებაზე ყოველკვირეულ საკონტეინერო გადაზიდვებს ახორციელებს.

ალტერნატიული საწვავის გამოყენებით, X-Press Feeders-მა როტერდამის, ანტვერპენის, კლაიპედას, რიგის, ტალინის, ჰელსინკისა და კოტკას ნავსადგურებთან თანამშრომლობით ბალტიის ზღვაზე ევროპის პირველი მწვანე საზღვაო დერეფანი შექმნა.

გარდა X-Press Feeders-ისა, სხვა მსხვილმა კომპანიებმა, მათ შორის ONE-მა, Unifeeder-მა, MSC-მ და CMA CGM-მა, გაზარდეს რეგიონში მომსახურე გემების სიხშირე და ტევადობა.

ბალტიის ქვეყნების ნავსადგურებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამაბალანსებელ საკონტეინერო ნაკადად პოლონეთში, გდანსკის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფორმირებული ჰაბი ითვლება. მას ასევე გდანსკის ბალტიის ჰაბსაც უწოდებენ, რომელიც აზიური ტვირთებისთვის ბალტიის ზღვის მთავარ კარიბჭეს წარმოადგენს.

შორეული აღმოსავლეთის ნაკადების ნაწილი ამჟამად პოლონეთის ნავსადგურ გდანსკში გადმოიტვირთება და გამანაწილებელი ფიდერული ხაზებით ბალტიის ქვეყნების კლაიპედისა და რიგის ნავსადგურებში გადაიზიდება.


ბალტიის ქვეყნების ნავსადგურებისთვის ერთ-ერთ დამაბალანსებელ მარშრუტად უკრაინის ინტერმოდალური დერეფანი განიხილება. ლიტვის რკინიგზასა (LTG) და „უკრზალიზნიცას“ (უკრაინის კინიგზა) შორის კიევი-კლაიპედას რეგულარული მარშრუტის ამოქმედების შესახებ შეთანხმებამ გზა გაუხსნა ტვირთების ახალ სპექტრს – სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან დაწყებული მანქანათმშენებლობით დამთავრებული.

ევროპული ეკონომიკის აღდგენის ფონზე, რეგიონული იმპორტისა და ექსპორტის თვალსაზრისით, გაიზარდა ბალტიის ქვეყნების საკუთარი ტვირთების ნაკადები – მათ შორის ყოველდღიური მოხმარების საქონელი, ხის დამუშავებული პროდუქცია, ქიმიური ტვირთები და საავტომობილო ნაწილები.


ბალტიის ქვეყნების ნავსადგურების 2024-2025 წლების სტატისტიკა ტვირთნაკადების წარმატებულ ჩანაცვლებაზე მიუთითებს. ნავსადგურები არა მხოლოდ გადარჩნენ, არამედ კონტეინერიზაციაზე ფოკუსირებით ტვირთბრუნვაც გაზარდეს.

კლაიპედის ნავსადგური შთამბეჭდავ ზრდას აჩვენებს – 2025 წლის ბოლოსთვის ნავსადგური ისტორიულ „პიკს“ 1.3 მლნ TEU ნიშნულს მიაღწევს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სანქციებთან დაკავშირებული კალიუმის სასუქების დაკარგვის შემდეგ. ნავსადგურმა შეძლო დაკარგული ტვირთების კონტეინერებითა და Ro-Ro გადაზიდვებით სრულყოფილად ჩანაცვლება.

ადაპტაციის პერიოდთან დაკავშირებული სირთულეების შემდეგ, ლატვიის რიგის ნავსადგურმა აქტიურად გააფართოვა მომსახურების სპექტრი.

2025 წლის დასაწყისში ONE-სა და Unifeeder-ის ალიანსის ხაზებს დაემატა ახალი BBX (Baltic Bridge Express) სერვისი, რომლის ამოქმედებამ რიგის ნავსადგური როტერდამთან, კლაიპედასთან, ტალინთან და კოტკასთან დააკავშირა.


ესტონეთის ნავსადგური ტალინი (მუუგა) ახალ ლოგისტიკურ ჯაჭვებში მყარად ინტეგრირებული აღმოჩნდა. მუუგას ნავსადგურში არსებული HHLA TK Estonia ტერმინალი 2025 წლის თებერვლიდან BBX სერვისის რეგულარული გაჩერების სატრანსპორტო გამანაწილებელ კვანძად გადაიქცა.

ბალტიის ქვეყნების ნავსადგურების მიერ რუსეთთან და ბელარუსთან ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, ევროკავშირის ფარგლებში სახაზო საზღვაო გადამზიდავებმა მოკლე და პროგნოზირებად მარშრუტებზე გააკეთეს აქცენტი, რაშიც მნიშვნელოვანი როლი ფინური და შვედური ტვირთების ტრანზიტიდან ანტვერპენისა და როტერდამის პირდაპირ ფიდერულ გემებზე გადამისამართებამ ითამაშა.


ანალიტიკოსების მოსაზრებით, ტვირთნაკადების მომხდარი ტრანსფორმაცია არა უბრალოდ ტვირთის მიმართულების შეცვლაა, არამედ რეგიონში ლოგისტიკური არქიტექტურის ფუნდამენტური ცვლილების მანიშნებელია, რომელიც სასიკეთოდ გამოიყენეს ბალტიის ქვეყნებმა.

transcor.ge