გაერთიანებული სამეფოს ახალმა პრემიერმინისტრმა, ენდი ბერნემმა, თანამდებობის დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ ბრიტანეთის მხარდაჭერის კუთხით არაფერი შეიცვლება და პირობა დადო, რომ კიევისადმი დახმარება მტკიცედ გაგრძელდება.

პრემიერმინისტრმა ბერნემმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირველი სატელეფონო საუბარი უკვე გამართა, რის შემდეგაც ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვის და თბილი სიტყვებისთვის უკრაინელი ხალხის მიმართ.

"მე დღეს პრეზიდენტ ზელენსკის ძალიან მკაფიოდ ვეტყვი, რომ არაფერი არ იცვლება. მე 100%-ით მის გვერდით ვიქნები, როგორც კირ სტარმერი იყო." – განაცხადა ბერნემმა უკრაინის პრეზიდენტთან ზარის გამართვამდე.

"პრეზიდენტ ზელენსკის ეჭვიც არ შეეპარება, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა მტკიცე და გადამწყვეტია. დიდი ბრიტანეთი და პირადად მე მის გვერდით ვიქნებით." – დაამატა მან.

ენდი ბერნემი, რომელიც ლეიბორისტული პარტიის ლიდერად გასულ კვირას აირჩიეს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი ოფიციალურად 20 ივლისს, მეფე ჩარლზ III-სთან შეხვედრის შემდეგ, გახდა.