კიდევ ერთი წელი გავიდა და დადგა სადღესასწაულო სეზონი, რომლის საუკეთესო ნაწილიც ის გულისამაჩუყებელი საშობაო სარეკლამო კამპანიებია, რომლებიც გვაგრძნობინებს, რომ უფრო ახლოს ვართ ჩვენს საყვარელ ადამიანებთან. შობის პერიოდში ყოველთვის სიჩქარე და აურზაურია, რადგან საჩუქრების შეძენა დღესასწაულის აუცილებელი ნაწილია. სწორედ ამიტომ ბევრი ბრენდი ქმნის ციფრულ სარეკლამო კამპანიებს, რათა მომხმარებლებმა შობის სული როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ სივრცეში იგრძნონ.
ამ ყველაფრის აღსანიშნავად, სტატიაში თქვენთვის შევკრიბეთ 2025 წლის ბოლოს გამოსული, 2026 წლისთვის შექმნილი საუკეთესო საშობაო მარკეტინგული კამპანიები.
1. Uber Eats – მაკოლეი კალკინი
„მარტო სახლშის“ გმირის, მაკოლეი კალკინის საშობაო კონტექსტში დაბრუნება თავისთავად უკვე მომხიბვლელი იდეაა. ნოსტალგიას თამაშით, რეკლამა ძველისა და ახლის ნაზავს ქმნის, რაც მას უფრო მსუბუქსა და სახალისოს ხდის. ამ რეკლამის სიძლიერე იმაშია, რომ ის დეკემბრის ქაოსს ზუსტად ასახავს. Uber Eats ამ რეალობას იუმორით პასუხობს და გვთავაზობს მეგობრულ დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია სინამდვილეში დღესასწაულები.
2. John Lewis & Partners – Where Love Live
როგორც ყოველთვის, John Lewis პირდაპირ ემოციებს ეხება. რეკლამა მამასა და შვილს შორის ურთიერთობას გვაჩვენებს ზედმეტი დრამატიზმის გარეშე. ეს მაყურებელს საშუალებას აძლევს, საკუთარი გამოცდილება ჩადოს ამ ისტორიაში.
ამ კამპანიის სილამაზე მის მარტივ განზრახვაშია, ყოველგვარი გრანდიოზული სანახაობის გარეშე, რაც სრულად შეესაბამება John Lewis-ის წინა კამპანიებს.
3. Apple – A Critter Carol
Apple-ის „Critter Carol“, შთაგონებული ჩარლზ დიკენსის „საშობაო ისტორიით“, ხელნაკეთ ზღაპარში გადაგიყვანთ.
სტოპმოუშენ სამყაროს მყუდრო ატმოსფერო მყისიერად ქმნის საშობაო განწყობას. პატარა ტყის არსებები ერთად ცდილობენ რაღაც მნიშვნელოვანის შექმნას და როდესაც iPhone-ს პოულობენ და მას საჩუქრის ჩასაწერად იყენებენ, ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ Apple შესანიშნავად აერთიანებს ტექნოლოგიასა და ადამიანურობას.
4. EE – The Christmas Double (B2B მაგალითი)
EE დეკემბრის სამუშაო ქაოსს იუმორით ასახავს. გყავდეს „მეორე მე” ყველასთვის ნაცნობი, სურვილია, ვისაც ოფისში უმუშავია. იდეა მარტივია, მაგრამ ეფექტური, რადგან ხუმრობა-ხუმრობაში ბრენდი რეალურ გადაწყვეტას გვთავაზობს: უკეთეს ციფრულ მხარდაჭერას.
5. Amazon – Joy Ride
Amazon-ის ეს მარკეტინგული კამპანია ერთ-ერთი იმ რეკლამათაგანია, რომელიც დიდხანს რჩება გულში. სამ ხანდაზმულ ქალზე (და არა ოჯახსა და ბავშვებზე) სიუჟეტის ფოკუსირება რეკლამას სიახლეს სძენს, რასაც ხშირად ვერ ვხედავთ საშობაო კამპანიებში. მათი ყურება, თუ როგორ აღიდგინეს ბავშვური შეგრძნებები ერთად ციგაობით, მოულოდნელი და ამაღელვებელია.
ამ რეკლამის ეფექტურობა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ ჯდება Amazon სცენაში სრულიად ბუნებრივად და ემოციებიდან რეკლამაზე გადართვის გარეშე.
6. The Peninsula Hotels – სანტას ძიება
ლონდონის Peninsula-ში გადაღებული ფილმი მაყურებელს ამოგზაურებს იმ სტუმართმოყვარე სასტუმროში, რომელიც ყველასთვის ცნობილია. ეს ყველაფერი კი ბავშვის თვალით არის ნაჩვენები. ის მოგვითხრობს პატარა გოგონაზე, რომელიც სანტას ძიებაშია და პატარა მინიშნებებს მიჰყვება.
ფილმი ხაზს უსვამს იმას, თუ რას ნიშნავს სადღესასწაულო სეზონი, ჯადოსნური მომენტების შექმნა და სიხარულის მოტანა მათთვის, ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს.
7. Google – იპოვე შენი სამოსი
სარა ჯესიკა პარკერი მოდასთან ხშირად ასოცირდება, შესაბამისად, Google-ის საშობაო ვიდეორგოლშიც ამ კუთხით გამოჩნდა. „რა ჩავიცვათ დრესასწაულებზე?” – ეს კითხვა აქტუალურია და მას პასუხს Google Shopping-ის ხელოვნური ინტელექტით მომუშავე აპლიკაცია სცემს, რომელიც მთავარ გმირს სამოსის არჩევაში ეხმარება.
8. Chevrolet – „მოგონებების ხეივანი“
რა თქმა უნდა, საშობაო რეკლამების სია ვერ ჩაივლის ავტობრენდების და, განსაკუთრებით, Chevrolet-ის გარეშე, რომელიც თავისი თბილი ემოციებით ხშირად ჰგვრის ცრემლებს მაყურებელს. წლევანდელ ვიდეოშიც, რომელსაც ჰქვია „მოგონებების ხეივანი”, მისი ინსაითები ეყრდნობა ნოსტალგიას, ოჯახურ კავშირებსა და დროის სვლას ისე, რომ ეს მიწიერი და ახლობელი შეგრძნება იყოს ყველასთვის, უფრო მეტად კი მათთვის, ვინც ძველი „შევროლეტების“ გარშემო გაიზარდა.
9. It’s Pixel, actually
ფილმ Love Actually-ს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს და მისი ინსპირაციით Google-მა საშობაო კლიპი შემოგვთავაზა, რომლის სახელიც ფილმზე მიგვანიშნებს. მთავარი გმირი აქ Pixel 10-ია, რომლის შესაძლებლობებიც სცდება უბრალო მობილურ ტელეფონს. გამომდინარე იქიდან, რომ 2004 წლის შემდეგ Love Actually მსოფლიო მასშტაბით მესამე ყველაზე ხშირად მოძიებული ფილმია, ბრენდმა მისი დაკავშირება გადაწყვიტა თანამედროვე ტექნოლოგიებთან.
10. ყველა ძაღლი იმსახურებს სახლს – Dogs Trust
ძაღლებს რომ ლაპარაკი შეეძლოთ, რას იტყოდნენ? მადლობას გადაგიხდიდნენ იმისთვის, რომ საწოლზე ადგილს უთმობდი, იმისთვის, რომ წვიმაშიც არ გეზარებოდა მისი საჭმლისთვის მაღაზიაში წასვლა, იმისთვის, რომ გიყვართ ისინი და ადგილს უთმობთ თქვენს სახლში…
ყოველ სეზონზე უამრავი საშობაო კლიპი გამოდის. ვეცადეთ, ცნობილი ბრენდების რეკლამები აგვერჩია, რომლებიც შთამაგონებელია და მათგან უმეტესი არა მხოლოდ სიუჟეტურადაა საინტერესო, არამედ სუფთა სარეკლამო, მარკეტინგული გაგებითაც.