ITB Berlin-ის ტურისტული გამოფენის ფარგლებში, საქართველოს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ მოლაპარაკებები გამართა Bloomberg-ის, National Geographic Traveller-ის, Euronews-ის, CondeNast-ის, Wanderlust-ის, Tripadvisor-ის, Expedia-ს, Amadeus-ის, Skyscanner-ის, Edelweiss-ის და სხვა გავლენიანი მედიასაშუალებებისა და სამოგზაურო პლატფორმების წარმომადგენლებთან.

საერთაშორისო კომპანიები საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციაში მიიღებენ მონაწილეობას, დაგეგმილია მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ და ახალ ტურისტულ ბაზრებზე. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს დაჯავშნის პლატფორმასთან Skyscanner.

„2023 წელს ჩვენ ძალიან კარგი თანამშრომლობა გვქონდა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, ჩვენ ვაპირებთ განვაახლოთ თანამშრომლობა მიზნობრივ ბაზრებზე, რომ საქართველოში ტურისტული ნაკადები გავზარდოთ. დღევანდელ შეხვედრაზე ძალიან წარმატებული დიალოგი გვქონდა PR და სოციალური მედია კამპანიების დაგეგმვის, აგრეთვე ახალი აქტივობების შესახებ, რომელიც პრომოციას გაუწევს საქართველოს ტურისტულ ბაზრებზე”- აცხადებს Skyscanner-ის წარმომადგენელი ზეინაბ მუთლუ.

ITB Berlin-ის 3 დღიან ტურისტულ გამოფენაში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია  20-მდე კომპანიასთან,  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად მონაწილეობდა.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს