საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიაში, ბერლინში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობდა. წლევანდელ ITB Berlin-ზე 190 ქვეყანა იყო წარდგენილი, გამოფენას 100 ათასზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა და გამოფენაში 5600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის შეფასებით, ITB-ის მსგავსი ღონისძიება მხარჯველუნარიანი ტურისტების მოსაზიდად საუკეთესო გზაა.
„ITB-ის გამოფენაზე ჩვენ შარშან უკვე ვიყავით, მასპინძელი ქვეყნის სტატუსით და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის სწორედ ის ნაბიჯები, რომელიც ქვეყნის ცნობადობას გაზრდის.
ჩვენ რეალურად მოგვეცა შესაძლებლობა, გაცნობითი ხასიათის დიალოგი გვქონოდა იმ ტუროპერატორებთან, რომლებისთვისაც საქართველო საინტერესო გახდებოდა.
ITB ბერლინი ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალისთვის მომგებიანი იქნება, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაშიც.
საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მხარჯველუნარიანი ტურისტების მიღება. ჩვენ რომ ახლა დავუშვათ 10 მილიონი ტურისტი მოგვაწყდეს, ამ რაოდენობას ვერ მივიღებთ, რადგან შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ გაგვაჩნია, ამიტომაც აქცენტი მხარჯველთუნარიან ტურისტებზე უნდა გავაკეთოთ.
ITB მსგავსი ღონისძიებები, რომელიც ბერლინში ტარდება ზუსტად ის გამოფენაა, საიდანაც ჩვენ შეიძლება დადებითი შედეგი მივიღოთ“,- თქვა შოთა ბურჯანაძემ „კომერსანტის“ ეთერში.