ახალი ტურისტული გეოგრაფია აქვს ქვეყანას და თუ მიჩვეულები ვიყავით ევროპელ ტურისტებს, ისინი ინდოელმა და ჩინელმა ტურისტებმა ჩაანაცვლეს. შესაბამისად, დიდი გამოწვევა და დიდი კურიოზები გველოდება, - აცხადებს რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე და იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა და მის მიმართ გამოჩენილი მრავალფეროვანი ინტერესი მხოლოდ დადებითად უნდა აღვიქვათ და გამოვიყენოთ.
„2025 წელს გამოწვევები მრავლად გვქონდა და შესაბამისად, თუ შეფასებებს მთლიანად ჩამოვაშორებთ პოლიტიკას, ნამდვილად ნორმალური წელი გვქონდა და ჰორეკასთვის დადებითად შევაფასებ. თუმცა, ამ დადებითსაც თავისი გამოწვევები აქვს და ეს გამოწვევები გაგრძელდება.
ტურიზმში არსებულ ვითარებას შევადარებ „35 წლის ბავშვს“, რომელსაც სწორად თუ არ გაზრდი, შემდეგ უფრო მეტი პრობლემა ჩნდება. ასეთ ვითარებაში ვართ ახლა, ვიზრდებოდით და რიგ შემთხვევაში, ხან მშობელი იქცეოდა არასწორად, ხან - მეზობლები. ქართველებმა ხშირად ვიცით ხოლმე თქმა: „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“, „შეუძლია და არ იყენებს“ - პირდაპირ ესადაგება ჩვენს ვითარებას, რასაც ტურიზმის სფერო ჰქვია - ვართ კარგები, მაგრამ ვერ ვიყენებთ, შესაძლებლობები გვაქვს და ვერ ვიყენებთ“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
მისივე თქმით, სიტუაციის გამოსწორება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუკი ჰორეკას საქმიანობას სწორი მიმართულება მიეცემა.
„სწორ მიმართულებაში ვგულისხმობ იმას, რომ როცა სტანდარტებზე საუბრობ, შემდეგ ყოველთვის არის კითხვა, რატომ გაძვირდა ესა თუ ის პროდუქტი. თუ სტანდარტში ვექცევით, რა თქმა უნდა, გაძვირდება, მაგრამ ეს გაძვირება უნდა გადავლახოთ იმით, რომ დასაქმებულებს ხელფასები გაეზარდოთ, დაკმაყოფილებული იქნას ჩვენი სტუმრის ინტერესები და უფლებები. გარკვეულწილად, ამ სტანდარტიზაციაში, როგორც ევროპულ ქვეყნებშია, როცა მომხმარებელთან მიმართებაში როგორც დამსაქმებელს, ისე - დასაქმებულს თავისი უფლებები და ვალდებულებები აქვს, ეს ყველაფერი როცა ჰარმონიზაციაში მოდის, შემდეგ ითქმება, რომ გავიზარდეთ. მანამდე ისევ და ისევ ჭირვეული ბავშვის მდგომარეობაში დავრჩებით“, - განმარტავს შოთა ბურჯანაძე.