„10 წელიწადში ქუთაისელები ქუთაისში, თბილისელები კი თბილისში აღარ იცხოვრებენ“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ Brokeri.ge-ის დამფუძნებელმა ილია ინაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, დედაქალაქის გარდა, ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებშიც შეინიშნება მოთხოვნის მკვეთრი ზრდა შემოგარენში არსებულ სააგარაკე მიწის ნაკვეთებზე.

„მიწის ნაკვეთებზე როდესაც ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ დიდი ქალაქები, უშუალოდ ქალაქის პერიმეტრები და მერე უკვე უფრო ქალაქგარეთა ტერიტორიები.

რაც შეეხება ქალაქებს, როგორიც არის თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი და რუსთავი. ამ დიდი ქალაქებში საკორპუსე მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა არ გაჩერებულა. ბოლო პერიოდში, საკმაოდ სოლიდური მოთხოვნა გაჩნდა რუსთავზე. ასევე, მოთხოვნა გაჩნდა თელავზე, ქუთაისსა და ბათუმზე. ბოლო 5 წლის ჭრილს თუ ავიღებთ, ამ სიას მზარდი მოთხოვნის კუთხით დავამატებდი კიდევ მარნეულს. მოთხოვნის ზრდამ, ბუნებრივია, ფასების ზრდაც გამოიწვია მიწის ნაკვეთებზე.

რაც შეეხება თბილისს, ვიცით, რომ თბილისში ყოველთვის იყო და იქნება მოთხოვნა საკორპუსე მიწებზე. თუმცა, დედაქალაქში განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა კერძო სახლებზე. თბილისის მოსახლეობა ხვდება, რომ აქ ცხოვრება წლიდან წლამდე აუტანელი ხდება და ყველა ცდილობს, გავიდეს ქალაქგარეთ. ამიტომაც, ყიდულობენ ძირითადად ისეთ მიწის ნაკვეთებს, რომლებიც გამოსადეგია კერძო სახლებისთვის.

ზუსტად იგივე ხდება უკვე ქუთაისშიც. გარდა იმისა, რომ მოიმატა კორპუსების მშენებლობამაც. გაძვირდა მიწები ქალაქშივე, რადგან როგორც უკვე გითხარით, მოთხოვნადი გახდა კორპუსებისთვის. ამ დროს კი თვითონ ქუთაისელებმა დაიწყეს ქალაქის მიმდებარედ საცხოვრებლად გადასვლა. მაგალითისთვის, ავიღოთ ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელი გზა. ეს ამ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ადგილია ქუთაისელებისთვის. დაიწყო მაგ ტერიტორიის მასშტაბური განვითარება. ძალიან ბევრი მიწის ნაკვეთი იყიდება კერძო სახლის ასაშენებლად. სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ქუთაისი და მისი შემოგარენი ძალიანაა გააქტიურებული როგორც კორპუსების, ასევე კერძო სახლების მშენებლობის კუთხით.

ჯერჯერობით, არის ძალიან დაბალი ფასები შემოგარენში. რომ ავიღოთ წყალტუბოსკენ მიმავალი გზა, რაზეც ვსაუბრობდით, შეიძლება 10 დოლარად იყიდოთ მიწის ნაკვეთი. ანუ 500 კვადრატულ სამოსახლო ნაკვეთში იხდით 5000 დოლარს. მანქანას ვეღარ ყიდულობს ადამიანი მაგ ფასად დღეს. ჯერ ძალიან იაფია, შესაბამისად, ბევრ ქუთაისელს მიუწვდება ხელი და ყიდულობენ კიდეც მასიურად. თუმცა, აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ფასები აუცილებლად მოიმატებს.

პიკის საათებში, ცენტრალურ ქუჩებზე უკვე ქუთაისშიც შეუძლებელია გავლა. საცობები გვაქვს იქაც. საცობების, გამონაბოლქვისა და ეკოლოგიის პრობლემა დიდ ქალაქებში ყველგან დადგება რაღაც პერიოდის შემდეგ. ამაზე ყველა ფიქრობს, ყველას ადარდებს საკუთარი და შვილების ჯანმრთელობა. აქედან გამომდინარეა, რომ ასე აქტიურად ფიქრობენ სააგარაკე სახლებზე. სააგარაკე სახლები, რომლებსაც ქუთაისელები ქუთაისის გარშემო იშენებენ, მაქსიმუმ 10 წელიწადში ძირითადი საცხოვრებელი ადგილი გახდება მათთვის. შემიძლია ვთქვა, რომ 10 წელიწადში ქუთაისელები ქუთაისში აღარ იცხოვრებენ, ისევე როგორც თბილისელები აღარ იცხოვრებენ თბილისში“, - განაცხადა ილია ინაშვილმა.

ბიზნესპრესნიუსი